ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ის მთაწმინდის რეზიდენციაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ჟვანია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს:
„მინდა, გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ აბსოლუტურ ტყუილ და მცდარ ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ისევ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა. მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დილით მოვედი, ამ ადმინისტრაციულ შენობაში ვარ, მე საერთოდ არ დამიტოვებია შენობა, ვინაიდან, სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, სამუშაო ვითარება, სამუშაო შეხვედრები მქონდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც მედიასაშუალებით ეს მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს მე სხვაგან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, ამ დროს სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი. ამავდროულად, მინდა მივმართო იმ მედიასაშუალებებს, რომ სულ მცირე ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან და საკუთარ კოლეგებთან, რომლებიც ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით შეიყვანეს შეცდომაში და სხვაგან გადაამისამართეს.
ამავდროულად, მინდა საზოგადოებას მივმართო და ჟურალისტებს ვუთხრა, რომ ცესკო-ს არასდროს ჰქონია რაიმე ინფორმაციის გავრცელების პრობლემა. ჩვენ ვართ საჯარო ინსტიტუცია, აბსოლუტურად საჯაროდ ვმოქმედებთ და ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება, როგორც აქამდე, ისე ახლაც არის შესაძლებელი და მინდა ვთხოვო, ასე ხელაღებით ნუ დაუჯერებენ გავრცელებულ ტყუილებს“, - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






