რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი და ჰააგის ტრიბუნალი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარმოებს საქმე, რომლის ფარგლებშიც განიხილება აგვისტოს ომი და მისი მიმდინარეობისას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი და სამხედრო დანაშაულებების არსებობის შესაძლებლობა.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების, კონკრეტულად კი მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები განხილვის საგანი გახდა. არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილის მიერ, მისივე წიგნში ასახული სხვადასხვა განცხადებები და მოსაზრებები, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში გამოიყენა.
ასევე ცნობილია, რომ გამოძიების ფარგლებში, გასულ კვირას საქართველოში ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები ჩამოვიდნენ და აგვისტოს ომის მონაწილე ქართველ სამხედროებს კითხავენ.
აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ეხმაურება და „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის ღალატზე საუბრობს:
„ის, რაც საქართველოს მხრიდან ახლა ჰააგის ტრიბუნალის გარშემო ხდება, ეს არის პირდაპირი ღალატი, ეს არის ქვეყნის ღალატი. ბევრ ადამიანს არ ესმის თუ რა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველო.
2008 წელს, ომის შემდეგ დაიწყო განხილვა ჰააგაში, იყო თუ არა დარღვეული ადამიანის უფლებები და იყო თუ არა სამხედრო დანაშაულებები ჩადენილი ამ ომის დროს. ჯერ არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, ჯერ არის საუბარი საერთოდ ფაქტზე. როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო ამის განხილვა, რუსეთმა მაშინვე განაცხადა, რომ არ დაემორჩილება და არ ცნობს ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. დაიქირავა ყველაზე ძვირადღირებული ადვოკატები და დაიწყო მასობრივად მტკიცებულებების გაყალბება და ჰააგაში გაგზავნა. რუსეთის ფედერაციიდან ჰააგაში ტონობით ქაღალდი მიდის, ათასობით ადამიანს აწერინებენ ფალსიფიცირებულ ჩვენებებს და ცდილობენ შეიყვანონ ჰააგის ტრიბუნალი შეცდომაში“, - აღნიშნავს შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ ჰააგიდან ყველა მისი წარმომადგენელი გამოიწვია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჰააგის ტრიბუნალის პირისპირ რუსეთის ფედერაცია მარტო დატოვა, რომელიც ათასობით ფალსიფიცირებულ მტკიცებულებას წარადგენს საქართველოს წინააღმდეგ:
„რას აკეთებს ამ მომენტში საქართველო, 2012 წლის შემდეგ? ჰააგის სასამართლოდან იწვევს ყველა თავის წარმომადგენელს და ტოვებს ჰააგის ტრიბუნალს პირისპირ რუსეთის ფედერაციასთან. ამაზე იყო ზუსტად საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აღნიშნულთან შეხება ჰქონდა 2012 წლამდე საქართველოს მხრიდან, ამ მომენტისათვის ჰააგის სასამართლოში აქტიურობს რუსეთი, საქართველო კი არაფერს უპირისპირებს იმ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების ნიაღვარს, რომელიც რუსეთიდან მოდის.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთი არის საკმაოდ გამოცდილი სახელმწიფო ნებისმიერი ფალსიფიკაციების ჩამოყალიბების კუთხით. უამრავი განცხადება მიდის რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს წინააღმდეგ, უამრავი დოკუმენტი ფალსიფიცირდება და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა ღია ღალატი და დატოვა რუსეთის ფედერაცია ჰააგის ტრიბუნალის წინაში მარტო. ჩვენ არაფერს ვუპირისპირებთ იმ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს, რომელსაც წარმოადგენს რუსეთი. შედეგად, მივიღეთ ის, რომ საქართველოში შაბათს ჩამოვიდნენ ჰააგის გამომძიებლები და ატარებენ დაკითხვებს ჩვენი მაღალი რანგის ოფიცრების მიმართ. ეს იმდენად ამაზრზენია, რომ ამის იქით უკვე არაფერი არსებობს. ამის იქით, შულავერის კომიტეტის ჩამოყალიბება მეტი არაფერია. შეიძლება ეს იმ ღალატის თანაბარი იყოს, რაც ახლა ხდება. პოლიტიკურად „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჰააგის სასამართლო დატოვოს პირისპირ რუსეთის ფედერაციასთან, იმისათვის, რომ რუსეთმა დაამტკიცოს, საქართველომ დაიწყო ეს ომიო და ეს ყველაფერი დაბრალდეს სააკაშვილს, ეს იყო „ქართული ოცნების“ მიზანი“- განმარტავს შაშკინი.
იგი ასევე საუბრობს იმ პოლიტიკურ შედეგზე, რასაც მისი თქმით „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ნაბიჯი საქართველოს საზიანოდ გამოიწვევს. შაშკინის თქმით, მმართველი გუნდი მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობას საბაბს აძლევს, აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სახმრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა:
„ამ ხალხს არ ესმის ერთი რამ, რომ წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს ჰააგაში, ჰააგის ტრიბუნალი პირველი ვისაც მიადგება, ეს იქნება ჩვენი ოფიცრები, ესენი იქნებიან ჩვენი სამხედროები, რომლებიც ომობდნენ და იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ეს ამ ხალხს არ ესმის, ეს ხალხი იმდენად ინტელექტის ნოლს ქვემოთ არის, რომ ესეც არ ესმით, რომ ჰააგის სასამართლო უკვე მაიდგა ქართველ ოფიცრებს და აწარმოებს მათ დაკითხვებს. მთავარი სარდალი ომის დროს არის გენერალური შტაბის უფროსი. ომის პერიოდში ჯარს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბი და არა პოლიტიკოსები. ბოლოს და ბოლოს ერთი ორი წიგნი რომ წაიკითხონ, კარგი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ დააყენეს ჩვენი გმირები, ამ ხალხს ესმის, რომ ანწუხელიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჰააგის გამომძებლების დასაკითხი გახდებოდა? ესმით რა გააკეთეს? 21 წლის შემდეგ ასეთი რამ საქართველოსთვის არავის გაუკეთებია. ეს ქნა „ქართულმა ოცნებამ“. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური შედეგი უნდა გვესმოდეს. თუ საქართველო ცნეს „ქართული ოცნების“ ღალატისა და რუსეთის ფალსიფიცირებული მტკიცებულებების პირობებში დამნაშავედ, ჩათვალეთ, რომ გააღეს ყველა კარი იმისათვის, რომ მსოფლიომ ცნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გარდა იმისა, რა საშიშროების ქვეშაც დააყენეს ჩვენი ოფიცრები, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყანა ისეთ ჩიხში შეიყვანეს, მსოფლიო თანამეგობრობას საბაბს აძლევენ, იყოს ცნობილი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






