ოპოზიციის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები კურირებენ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას.
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ქართული ოცნება, მმართველი გუნდი გადავიდა ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, რომ არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ. კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით და მათ აქვთ კონკრეტულად ჩაბარებული პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგთან დაკავშირებით.
ვინ არიან ეს ადამიანები? - აჭარაზე მიმაგრებული არის სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად, გიორგი გახარია არის შს მინისტრი გადასული იქ და შტაბი აქვს იქ გახსნილი და პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი - გოგაშვილი-თამაზაშვილი, ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი, ეს არის ბატონი ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ეს პირები საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლას ახორციელებენ და ასევე, ფულს იხდიან პირადობის მოწმობების ქირაობაში.
"ამ ადამიანებს აქვთ სამი კონკრეტული დავალება. პირველი - მოიძიონ გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, მათგან აიღონ პირადობის მოწმობები და ამაში 50 ლარი გადაიხადონ. ქირაობენ პირადობის მოწმობებს , რომ ისინი ვერ მივიდნენ არჩევნებზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში და ასე შემსდეგ.
მეორე - ეს არის საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, სკოლისა და ბაღის თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზეწოლა. ასევე სახელმწიფო შპს-ებში დასაქმებულებზე. მაგალითად ხაშურის რაიონში, სადაც ჩვენმა გუნდმა პირმინდად მოიგო, რკინიგზაში დასაქმენულ 1500-მდე თანამშრომელზე მიდის ზეწოლა და წნეხი, რომ ან საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე, ანდა მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.
მესამე - ამ ტოტალ კონტროლის განხორციელებაში ჩართულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული უბნის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი და რა შესაძლებლობები არის მეორე ტურისთვის. მაღალჩინოსნების ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






