როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, რადგან კარვის განთავსებაზე ნებართვის გაცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას სცილდება. მისი თქმით, ზაზა სარალიძის მიერ მერიაში შეტანილ განცხადებაზე წერილობითი პასუხი კანონის ფარგლებში გაიცა.
„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა და ამაზრზენიც შეიძლება ითქვას, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ იმ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვის ხით. ასე როგორ შეიძლება? სად იზრდებიან ეს ადამიანები? ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა? შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა სარალიძის მიერ შემოტანილი განცხადებას დედაქალაქის მერიამ კანონის შესაბამისად უპასუხა. კერძოდ, მან შემოიტანა წერილი რუსთაველის გამზირზე აქციის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო საპასუხო განცხადება, რომ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონიისა და საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა, რაც კონკრეტული მედიასაშუალებების მეშვეობით საზოგადოებაში ასეთი უტიფარი ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
მე არ მინდა რაღაც ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება, უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის, ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია არ მოაწყოს, ჩვენ ყველაფერი უნდა ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება სტაბილურობა.“ - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






