დღეს 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ დაიწყება, რომლის მონაწილეებიც შვილმოკლული მამების კონსტიტუციური უფლების დაცვას- კარვების დადგმას მოითხოვენ.
მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, თქმით, ძალოვანი უწყება მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს აქციის მონაწილეები კი შესაძლოა კარვების დადგმაში დაეხმარონ:
„არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება არა აქვთ. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურებია, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
2 თვეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილების მკვლელების და მათი მფარველების დასჯას ითხოვენ. შვილმოკლულ მამებს რამდენიმე მცდელობა ქონდათ, რომ ადგილზე კარვები დაედგათ, სადაც უამინდობისას თავს შეაფარებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძემ მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების მოთხოვნით მერიას მიმართა, თუმცა მერიისგან პასუხი მიიღო, რომ მათ 7 დეკემბრიდან ადგილი უნდა შეიცვალონ, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






