„ვანდალერები“ ანუ საწამებელი საკნები რუსთავის ნომერ მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - მსჯავრდებულმა არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური წამების შესახებ „კურიერს“ სკანდალური წერილი მიაწოდა.
პატიმარი გიორგი მარსაგიშვილი სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულების ადმინისტრაციას და დირექტორს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 10-გვერდიან წერილში მსჯავრდებული დეტალურად აღწერს ე.წ. ვანდალერებს - ანუ საკნებს, სადაც მისი მტკიცებით, მსჯავრდებულებს აშიშვლებენ, სასმელ წყალს უკეტავენ და მოთხოვნის მიუხედავად არც სამედიცინო დახმარებას უწევენ.
წერილში მსჯავრდებული პატიმრების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების კიდევ რამდენიმე მეთოდზე საუბრობს. მისი მტკიცებით, წამების საკნებში ხდება ტემპერატურის სწრაფი და მკვეთრი ცვლილება, რაც პატიმრების გაციებას ან სხვა რაიმე მძიმე დაავადებებს იწვევს. პატიმარი მარსაგიშვილი ამტკიცებს, რომ ამ მეთოდებით მსჯავრდებულებს მასობრივად და ყოველდღიურად აწამებენ.
ე.წ. ვანდალერებში პატიმრის ინფორმაციით, ვიდეომონიტორიგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა რეაგირების თხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
მარსაგიშვილის ინფორმაციით, დაწესებულების დირექტორი, შოთა ტრაპაიძე ბიძინა ივანიშვილის ცოლის ნათესავია და „ოცნების“ ლიდერის მხარდაჭერით მოქმედებს.
წყარო - "რუსთავი 2"
მასალის გამოყენების პირობები






