სეზონურად, უხვი ნალექების შედეგად ადიდებული მდინარე გლდანულა წლების განმავლობაში აზიანებდა კალაპოტის გასწვრივ მდებარე საკარმიდამო ნაკვეთებს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
სოფლის მოსახლეობამ, დახმარების თხოვნით, სამინისტროს კოლექტიური წერილით მიმართა. ვითარების შესწავლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ გამორეცხილი იყო მდინარის კალაპოტის გასწვრივ არსებული ადვილად შლადი თიხოვანი მასალის შემცველი ეროზიული ფლატე და მისი მედეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევდა.
"ეს პრობლემა ჩვენ 2010 წლიდან გვაწუხებს, როცა ივნისში, დიდი წყალდიდობის დროს ჩამონგრეულმა შემოვლითმა გზამ მდინარეს მიმართულება შეუცვალა და წყალი ჩვენ მხარეს წამოვიდა, წაგვართვა გზა და დაიწყო ეზოების წალეკვა," - თქვა სოფელ გლდანის მცხოვრებმა თინათინ ლეჟავამ, - "არ დამიტოვებია არცერთი სახელმწიფო უწყება, დახმარების თხოვნით რომ არ მიმემართა, მაგრამ ჩვენი გაჭირვება ყურად არავინ იღო. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მიმემართა. 2013 წლის 10 იანვარს შევიტანე განცხადება, გზის გაკეთების თხოვნით და 10 თებერვალს უკვე პასუხი მომივიდა, - სპეციალისტები პროექტს ამუშავებენო. მაისიდან სამუშაოებიც დაიწყო. ყველაფერი მაქსიმალურად კარგად კეთდება, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ."
დავით ნარმანიას განცხადებით, ნაპირდაცვა და ტერიტორიების შენარჩუნება წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. "საავტომობილო გზების დეპარტამენტში არსებული სპეციალური სამსახურის მეშვეობით, სამინისტრო ახორციელებს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა პროექტს. ამ მიმართულებით სამუშაოები დაფინანსდა, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებსაც აქვთ ნაპირდაცვითი ღონისძიებები," - განაცხადა მან, - "ობიექტი, რომელსაც დღეს ვათვალიერებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მისი განხორციელებით ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განიხილავს ტერიტორიების გამაგრებასა და ნაპირდაცვასთან დაკავშირებით შემოსულ სხვა საითხებსაც და წელს, არსებული სატენდერო ეკონომიის ფარგლებში, დამატებით პროექტებს დავაფინანსებთ, რათა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოვაგვაროთ. სხვა დანარჩენი პროგრამები ინიცირებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტის განაწილების დროს."
დღეისთვის, მდინარე გლდანულაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია კაპიტალური ნაპირსამაგრი ნაგებობის, 5,5-მეტრი სიმაღლისა და 165-მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნუგზარ გასვიანის განცხადებით, ეს ნაგებობა ჩარეცხვისგან დაიცავს ეროზიულ ფლატეს და ადგილობრივ მოსახლეობას, მათ კერძო საკუთრებას საფრთხე აღარ შეექმნება.
ამ დროისთვის, შესრულებულია სამუშაოების 72%. პროექტის განხორციელება 29 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 30 სექტემბერს იგეგმება. პროექტის ღირებულება, სახელმწიფო დაფინანსებით, 288,674,53 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






