“ევროპული საქართველო” მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე უთხრას ხალხს სიმართლე - როგორ და რა ფორმულით აპირებს მთავრობა პენსიის ინდექსაციას.
“პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე, როგორც ამას “ქართული ოცნება” აპირებს, ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა უმნიშვნელოდ, 8-12 ლარით მოხდება ხოლმე. ეს კი ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს, რაც პენსიონერებს ბიძინა ივანშვილის მმართველობამ მიაყენა ლარის კურსის მერყეობით, ფასების ზრდით და ცხოვრების გაძვირებით”, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ აპირებს, ხალხს გაუმხილოს, რა მორიგი მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული. “ევროპული საქართველო” საზოგადოებას ახსენებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არაფერი თქვა საწვავზე - ბენზინსა და დიზელზე - აქციზის გაზრდის შესახებ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ არჩევნების შემდეგ გაზარდა აქციზის გადასახადი და ცხოვრება გაუძვირა ასიათასობით მოქალაქეს.
ჭიაბერაშვილის აზრით, პენსიონერები გაცილებით მეტს ელიან მთავრობისაგან, ვიდრე წლიურად 8-12-ლარიანი ზრდა შეიძლება იყოს. ამასთან, მას გაუმართლებლად მიაჩნია პენსიის ინდექსაცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. “ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში პენსიის ინდექსაციის საკითხი არც დადგებოდა. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პირობებშიც კი, როცა ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, ბიუჯეტში დღესაც არის საკმარისი რესურსი, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები






