გამარჯვებას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, გავიმარჯვეთ - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში.
მისი თქმით, ბევრი წინასაარჩევნო პერიოდში თვლიდა, რომ ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებდა, 28 ოქტომბერმა დაადასტურა, რომ ფულით ამომრჩეველი „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ იყიდა.
„ფული ვერ იყიდის იმ სიმართლეს, რა სიმართლითაც ჩვენ მოვდივართ და ეს დაამტკიცა ქართველმა ხალხმა. დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს არ იყიდება, ჩვენ არ ვიყიდებით ფული ვერ იყიდის ვერასდროს ჩვენ მომავალს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" გაკვეთილი მაინც ვერ გამოიტანა და ცდილობს წარმატებას დაპირისპირებით, შუღლის გაღვივებითა და პროვოკაციებით მიაღწიოს გამარჯვებას.
„არჩევნების მერე დღეს საოცრება მოხდა. გამოვარდნენ სუყველა და დაიწყეს, რომ ჩვენ ხალხმა გაფრთხილება მოგვცა, გავიგეთ რაც გვინდოდა და მეორე მხრივ ახალქალაქში ჩაიდინეს ამხელა ბოროტება. ჩვენს თანაგუნდელებს თავს დაესხნენ თავპირი დაამტვრიეს. უნდოდათ რომ ამ პროვოკაციას ჩვენ წამოვგებოდით. მანამდე იყო მარნეული, კასპი. არ წამოვეგებით არც ერთ თქვენ პროვოკაციაზე. ხალხი არის ჩვენსკენ, ხალხი დგას ფეხზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს მოუწოდა არ წამოეგონ პროვოკაციებს და არჩევნებზე მივიდნენ მშვიდად.
მისი თქმით შურისძიების დროს არ არის, ქვეყანას სჭირდება რეფორმები.
"სად გვცალია იმისთვის, რასაც ისინი საუბრობენ. ერთი სული გვაქვს დავიწყოთ საქმის კეთება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






