ვაშაძის თქმით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია განდევნის მსხვერპლი არ უნდა იყოს:
"უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია, ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%იან მოგებაზე უარს იტყვის.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ და ცივილიზებულ გარემოში უნდა ჩატარდეს, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს. არც ისეთ ამაზრზენ ფაქტებს, რაც კასპში მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა.
სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ასეთივე ინცინდენტი მოხდა ვაზისუბანში. ამ საკითხზე შეგიძლიათ კამპანიის ხელმძღვანელს ესაუბროთ.
უწმინდესს ძალიან აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს, იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმების შესახებ. უწმინდესის კატეგორიული თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ ოპოზიცია არასდროს არ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, არასდროს არ უნდა იყოს დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, როგორც ეს ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






