როგორც გამოცემა ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის კავშირის" თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძეზე დაყრდნობით იუწყება, ინციდენტი სამუშაო საათებში ბათუმში თბილისის მოედანზე მოხდა.
მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, პიროვნება, რომელიც ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა, თბილისის პოლიციის აკადემიის თანამშრომელი, პოლკოვნიკი პატარიძეა.
"აჭარა P.შ."-მა შემთხვევის თვითმხილველებსაც მიაკვლია, რომელთა ნაამბობის თანახმად მძღოლსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის შელაპარაკების მიზეზი ამ უკანასკნელის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი გახდა, რომლითაც პატარიძემ თბილისის მოედანზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს გზა ჩაუხერგა და იმის მაგივრად, რომ ავტობუსის მძღოლის საყვირზე, მანქანა გადაეწია და გზა გაენთავისუფლებინა, მურმან ქამადაძე ავტობუსიდან ძირს ჩამოათრია და სასტიკად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით "აჭარა P.შ."-თან სატელეფონო საუბარში დაზარალებულმა ქამადაძემ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისი განმარტებით, პოლიციელმა იმის გამო სცემა, რომ ავტობუსისთვის გზის დათმობა სთხოვა, როგორც ქამადაძე აცხადებს იგი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება, მას ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინეს.
ფაქტს აჭარის შსს მთავარი სამმართველოს გამომძიებელი გია ჯუმუშაძე იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






