პორტსმენი გოჩა დავითაძე წლებია, ბერძნულ-რომაულ სტილში ჭიდაობს, უამრავ შეჯიბრებაში მიუღია მონაწილეობა და ბევრი ჯილდო თუ სიგელი აქვს. იგი 1989 წელს დაიბადა და ჭიდაობა ბათუმის სპორტსკოლაში დაიწყო, სადაც მამამ მიმიყვანა, იგი თვითონაც მოჭიდავე გახლდათ, გოჩას პირველი მწვრთნელი კი ზაზა ჯიბლაძე იყო, რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა და მის პიროვნულ თუ ფიზიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. სპორტსკოლის შემდეგ, გოჩამ სპორტის აკადემია დაამთავრა თბილისში. გოჩა დავითაძე ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და იგი თავისი სპორტული კარიერის შესახებ გვიამბობს.
_ გოჩა, ჭიდაობა საკმაოდ მცირე ასაკში დაიწყეთ, ბავშვისთვის რთული იყო ილეთების ათვისება?
_ კი, თავიდან ცოტა მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გადავლახე, როდესაც კარგად გავითავისე, სად ვიყავი და რა უნდა მეკეთებინა. არაერთ შეჯიბრებაზე, ტურნირზე გამოვსულვარ რეგიონებში. იმ ასაკისთვის საკმაოდ კარგად ვასპარეზობდი, ფინალში გავდიოდი ხოლმე. ბევრი მედალი და სიგელი მაქვს იმ დროინდელიც და შემდგომიც. ბათუმში ოთარ ბაკურიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩემპიონი გავხდი. მაშინ პატარა ვიყავი.
_ თუ გახსოვთ, ვის მოუგეთ?
_ რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მანამდე სწორედ ის იყო საქართველოს ჩემპიონი და ერთი თვით ადრე, საქართველოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში თვითონ მომიგო. მერე, ფინალში ჯერენაშვილს შევხვდი. ერთხელ, მიშა ქაჯაიას მოვუგე, ახლა ის ევროპის პრიზიორია. მოკლედ, ბევრს შევჯიბრებივარ და მომიგია. აზერბაიჯანში მიჭიდავია ღია პირველობები, ტურნირები და ა.შ.
_ რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება და რთულად დასამარცხებელი მეტოქე?
_ სომეხს მოვუგე, არტურ ალექსანიანს, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე, ოლიმპიური პრიზიორი, ხუთჯერ ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი. ყველაზე რთულად დასამარცხებელი ის იყო. შეხვედრა სამ პერიოდს გაგრძელდა და მესამე პერიოდში დავამარცხე. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში ახალგაზრდებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა, არ გამიმარჯვია, საქართველოში კი ბევრჯერ.
_ რამდენად დატვირთულები ხართ მოჭიდავეები? დღის რა ნაწილს უთმობთ ვარჯიშს?
_ ძალიან შრომატევადი სპორტია, ბევრი ვარჯიში სჭირდება, ჩვენთვის გართობა ნაკლებადაა, სისტემატურად ვვარჯიშობთ, დღეში რამდენიმე საათს. მოგეხსნებათ, ბაქოში ოთხი წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, დილა-საღამოს ვვარჯიშობდი. ჩემი საქყვარელი საქმე ესაა და მთლიანად ვარ მასში ვარ ჩართული, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. კვებისა და ვარჯიშის რეჟიმის დაცვა საკმაოდ რთულია, მაგრამ ალბათ ვეჩვევით, რადგან აუცილებელია. ტრავმები ამ სპორტსაც ახლავს, მაგრამ რაიმე მძიმე და განსაკუთრებული არა, მოითმენ, სხვაგვარად არ გამოვა, წარმატებას და შედეგს ვარჯიში, შრომა და მონდომება სჭირდება.
_ გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით აზერბაიჯანულ გუნდში და რა გამოცდილებას იღებთ მანდ?
_ აზერბაიჯანში ღია პირველობა რომ ჩატარდა, იქ ვიჭიდავე და მეორე ადგილი ავიღე, მაშინ თვითონ შემომთავაზეს, დავრჩენილიყავი. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ყოველ დილას და საღამოს ვვაჯიშობთ სისტემატურად. ანაზღაურებაც, ცხადია, მაქვს. სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობებია, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ სპორტსმენმა შედეგს მიაღწიოს _ ექიმები, ვიტამინები, კვება, სასტუმრო, ტრანსპორტირება, დარბაზი და ყველაფერი მაღალ დონეზეა. ჩვენთან პირველ ადგილზე გასულებზე ამახვილებენ დიდ ყურადღებას, აქ კი ყველა თანაბარ პირობებშია. პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ აქ მოვხვდი.
გვანცა სხირტლაძე
მასალის გამოყენების პირობები






