1 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს საერთაშორისო რეგიონალურ კონფერენციას "კვლევისა და ინდუსტრიას შორის კავშირების ხელშეწყობა", რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან. კონფერენცია ევროკომისიისა და საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია ტარდება კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარ კარლოშ მოედაშის EU4Innovation-ის ინიციატივის ქოლგის ქვეშ და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთან, ეს არის პირველი საერთაშორისო რეგიონალური ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ნოემბერის სამიტზე დამტკიცებული აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული სტრუქტურის ფარგლებში. კონფერენცია ემსახურება ევროკავშირის „2020 წლისათვის 20 ძირითადი მიზნების“ დოკუმენტის მე-20 მიზანს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციური სისტემებისა და პროგრამების ინტეგრაციას.
საერთაშორისო რეგიონალური კონფერენციის ძირითადი თემებია: კვლევისა და ინდუსტრიის პარტნიორობის ხელშეწყობა, Smart Specialisation სტრატეგიები და ტექნოლოგიური გადაცემის მექანიზმები.
სესიებს გაუძღვებიან ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრისა და ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის ექსპერტები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 80-მდე დელეგატი ევროკომისიდან, ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან.
მასალის გამოყენების პირობები