შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი - უნივერსიტეტს ერთი წლით აბიტურიენტების მიღება აეკრძალა. ამის მიზეზად გადასახადებისგან თავის არიდება და ის დავა დასახელდა, რომელიც სახელმწიფოს უნივერსიტეტთან მიმართებით აქვს.
მომხდარს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ემხაურება და მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. შაშკინის თქმით, სწორედ ასეთივე პრობლემები შეუქმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს, თუმცა სტუდენტების მასშტაბურმა პროტესტმა სახელმწიფოს გადაწყვეტილება შეაცვლევინა:
„ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნის მორიგი მაგალითი კერძო წამყვანი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, უნივერსიტეტის, რომელიც რაღაცით არ მოეწონა მთავრობას. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მარგველაშვილი მაშინ იყო განათლების მინისტრი, დახურა კახა ბენდუქიძის ყველაზე წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. ამ უკანონობაში მონაწილეობას იღებდა როგორც მარგველაშვილი, ასევე მაშინდელი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბიშვილი, რომელიც უშუალოდ იყო კურატორი უმაღლესი განათლების და მხოლოდ სტუდენტების მძლავრმა პროტსტმა შეაცვლევინა ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება, უკან დაახევინა.
ახლა გვაქვს იგივე მაგალითი, თუ როგორ დევნის უკანონოდ ხელისუფლება კერძო უნივერსიტეტს. თუ ამ დევნის შინაარსობრივ მხარეს შევხედავთ, რაც ბევრ ადამიანს ბუნებრივია, არ ესმის, მე, როგორც განათლების ყოფილი მინისტრი ვამბობ, განათლების სამინისტროს ამ კონკრეტულ საკითხთან, კანონით, შეხება არ უნდა ჰქონდეს. არსებობს დავა გადასახადებთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის. ამ დავისთვის არსებობს ფინანსთა სამინისტრო, ამ დავისთვის არსებობს სასამართლო, განათლების სამინისტროს კომპეტენცია არის მხოლოდ სწავლის ხარისხის შემოწმება. სწავლის ხარისხსა და გადასახადებს პირდაპირი შემხებლობა არ გააჩნია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ზუსტად იგივე გააკეთა ამ ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მაშინაც იყო დავა ფინანსებთან დაკავშრებით, კახა ბენდუქიძემ ორჯერ მეტი ფული დახარჯა ამ უნივერსიტეტზე, ვიდრე მას კანონით ევალებოდა, მიუხედავად ამისა, სანამ ყველაფერი არ გააკეთა ამ ხელისუფლებამ, სანამ კახა არ გარდაიცვალა, სანამ არ მიიყვანეს, რომ გულმა დაარტყა დარდით და უსამართლობით, მანამდე უნივერსიტეტს პრობლემებს უქმნიდნენ. იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა, როდესაც სახელმწიფო უსამართლოდ, უკანონოდ დევნის უნივერსიტეტს“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
შაშკინის თქმითვე, „ეს უსამართლობა რომ დასრულდეს, ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოებამ გრიგოლ ვაშაძე უნდა აირჩიოს“:
„ნურავის ჰგონია, რომ ერთი წლით აბიტურიენტების არმიღება არ მოახდენს ზეგავლენას იმ სტუდენტებზე, რომლებიც იქ სწავლობენ. უნივერსიტეტს სერიოზულად დააკლდება ფინანსური რესურსი, აქედან გამომდინარე ისინი ვერ შეძლებენ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას. ბუნებრივია, ამ ფინზე ნებისმიერი უნივერსიტეტი დადგება დახურვის საფრთხის წინ. იმისთვის, რომ ასეთი უსამართლობა დასრულდეს, არის საჭირო, რომ ოქტომბრის ბოლოს იყოს არჩეული გრიგოლ ვაშაძე, არის საჭირო, რომ იყოს ვადამდელი არჩევნები, იმისთვის, რომ ეს უსამართლო ხელისუფლება წავიდეს სახლშ“, - დასძენს განათლების ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები