ოქროს ბიჭუნადან განტევების ვაცამდე - მესუთ ოზილისთვის ერდოღანთან გადაღებული ფოტო საბედისწერო აღმოჩნდა
სპორტი - 12:52, 24 Jul, 2018     13200
მესუთ ოზილი გელზენკირხენში დაიბადა, გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რურის არეალში მდებარე ქალაქში. ინდუსტრიულ გარეუბანში მცხოვრები, ფეხბურთით გატაცებული ბიჭიდან, ის მსოფლიო კლასის ვარსკვლავად გადაიქცა. მიუხედავად ამისა. თურქი მიგრანტების შთამომავალი თავს რასიზმის მსხვერპლად და გერმანული საზოგადოებიდან გარიყულად მიიჩნევს.


თავის დროზე გელზენკირხენს „ათასი ცეცხლის ქალაქს“ უწოდებდნენ, არა ბობოქარი ღამის ცხოვრების გამო, არამედ იმიტომ რომ აქ მაღაროების გაზი ღამღამობით კაშკაშა ალით იწვოდა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში აქ ჩამოდიოდნენ სამუშაოს მაძიებელი თურქი მიგრანტები, მათ შორის იყო მასუთის პაპაც.

თავისი უნარები პატარა მასუთმა გელზენკირხენის გარეუბანში, ოლგაშტრასზე მდებარე Affenkäfig-ზე შეიძინა, რაც ითარგმნება როგორც „მაიმუნების გალია“ , სწორედ ასე ერქვა მის სახლთან ახლოს მდებარე საფეხბურთო მოედანს, რომელიც გარშემო სამმეტრიანი რკინის გალიით იყო შემოსაზღვრული.

როგორც მისი უფროსი ძმა მუთლუ ჰყვება, სწორედ ამ გალიაში ეთამაშებოდა მესუთი ფეხბურთს მასზე გაცილებით დიდ თანასკოლელებს და სწორედ აქ გამოიმუშავა თავისი ფილიგრანული ტექნიკა და ბურთის ჩაწოდების შესანიშნავი უნარი.

„ფეხბურთი იყო ჩვენი ცხოვრება. ყოველ დღე, მზეში, თოვლში თუ წვიმაში „მაიმუნების გალიაში“ ბურთს ვურტყამდით“- ამბობს მუთლუ ოზილი, რომელიც ადგილობრივ კლუბში „ფირტინასპორში“ თამაშობს.

ახლა რა თქმა უნდა ეს „გალია“ საამაყო სახელს ატარებს „ოზილის გალია“. მესუთს აქ აღმერთებენ და ძნელად იპოვით ადგილობრივ ბიჭს, თავისი კუმირის თავბრუდამხვევი კარიერის გამეორებაზე, რომ არ ოცნებობდეს.

ფეხბურთით ასეთმა გატაცებამ მისცა მესუთ ოზილს საშუალება, რომ გამოსულიყო მიგრანტებით დასახლებული რაიონის ჩაკეტილი სამყაროდან, სადაც სოციალურ კიბეზე ასვლა, 60-იანი წლების სამრეწველო ბუმის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაძნელდა და გერმანულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია უფრო მეტად შეიზღუდა.

2005 წელს ადგილობრივ გუნდში მოთამაძე მესუთი, „შალკე 04“-ის სელექციონერებმა შეამჩნიეს. უკვე 2008 წელს ყოველწლიური ხელფასით, რომელიც 1,5 მილიონი ევროს შეადგენდა, უკმაყოფილო ოზილი „ვერდერ ბრემენში“ გადავიდა, სადაც გუნდის მთავარი „დირიჟორის“ ბრაზილიელი დიეგოს ადგილი დაიკავა, რომელიც „იუვენტუსში“ გადავიდა.

ამ წლებში მესუთ ოზილი „ოქროს ბიჭუნად“ იქცა - გერმანიის ინტეგრაციული პოლიტიკის წარმატების სიმბოლოდ და ეროვნული ნაკრების რჩეულად.

მესუთ ოზილმა თვით ანგელა მერკელის ყურადღება და შექებაც დაიმსახურა, როგორც მსოფლიო დონის პირველმა გერმანელმა „მულტიკულტურულმა“ ფეხბურთელმა. ამ მიზეზით „პასების მეფემ“ გერმანიაში კიდევ ერთი ზედმეტსახელი მოიპოვა - Multi-Kulti Kicker-ი.

მაგრამ ოზილის ვარსკვლავის ნამდვილი გაბრწყინება 2010 წელს მოხდა, სამხრეთ აფრიკაში მისი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ წამყვანმა საფეხბურთო კლუბებმა აღმოაჩინეს, რომ ბრემენში შესაძლოა, თავის ამპლუაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე თამაშობდეს.

უხვად წამოსული მაცდური წინადადებების შედეგად, მესუთი სუპერვარსკვლავების გალაქტიკაში მოხვდა და მადრიდის „რეალის’ 10-ნომრიანი მაისური მოირგო. „ასეთ წინადადებაზე უარს არ ამბობენ“- განაცხადა მან, „ვერდერის“ დატოვების შემდეგ.

ოზილი ითვლებოდა მსოფლიოს საუკეთესო 10 ნომრად, შედიოდა ევროპის და მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებებში და დასახელებული იყო გერმანიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ 2011, 2012, 2013, 2015 და 2016 წლებში.

მიუხედავად ამისა „პასების მეფე“ გულშემატკივრებში ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევდა. სტატისტიკურად ოზილი სტაბილურად მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ბევრ გულშემატკივარს აღიზიანებდა მისი მოდუნებული მანერა და მოჩვენებითი გულგრილობა, რომელსაც ის მოედანზე აჩვენებდა.

„ჩემი ტექნიკა და ბურთის შეგრძნება - ეს ჩემი თამაშის თურქული მხარეა, დისციპლინა, დამოკიდებულება და შედეგი - გერმანული მხარე“- ამბობდა ოზილი.

გულშემატკივრებს, რომლებიც ოზილს აკრიტიკებდნენ, სურდათ, რომ მას სწორედ ეს გერმანული ნაწილი გაეუმჯობესებინა. მისი თაყვანისმცემლები კი ციფრებით ხელში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რაც ჩანს ისე არაა და შედეგები სხვა რამეს ამბობს. ლონდონის „არსენალის“ გულშემატკივრებს შორის ეს დავა ჯერ კიდევ გრძელდება.

როდესაც 2013 წელს მესუთ ოზილი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ გადასვლას დათანხმდა, მისი გადაწყვეტილებით ყველანი შოკში იყვნენ და არ სჯეროდათ რომ ოზილმა ასეთი უპრეცენდენტო დაუნშიფტინგი გადაწყვიტა.

თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც გერმანულ გაზეთ Bild-ში გამოქვეყნდა, ოზილი ამბობს, რომ „რეალიდან’ წასვლა მის ცხოვრებაში ყველაზე ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო.

ბევრი ამ გადასვლას ოზილის და „რეალის“ ხელმძღვანელობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით ხსნიდა და იმით, რომ „არსენალის“ მაშინდელი მწვრთნელი არსენ ვაგნერი მესუთის გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო.

ვაგნერმა დაარწმუნა მესუთი, რომ მისი თამაშის სტილი ასპროცენტიანად შეესაბამებოდა „არსენალს“ და ამ კლუბის გულშემატკივრები, როგორც არავინ, ისე დააფასებდნენ მის თამაშს.

სურათი პრეზიდენტთან

მესუთ ოზილისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ფოტო სოციალურ ქსელში მაისში გამოჩნდა. მაშინ თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა. სურათი საზოგადოებამ მიიღო, როგორც იმ დიქტატორის მხარდაჭერა, რომელიც თურქეთში სამოქალაქო თავისუფლებას დაუნდობლად ზღუდავს.

ფოტომ გერმანულ პრესაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია, და მაშინვე ეჭვქვეშ დააყენეს ოზილის ლოიალობა და მისი გერმანიის ნაკრებში ყოფნის მიზანშეწონილობა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „არსენალში“ ოზილის ბოლო სეზონიც საკმაოდ წარუმატებელი იყო და ექსპერტების ეჭვების ერთ-ერთ გამომწვევად სწორედ საფეხბურთო მიზეზები შეიძლება ჩაითვალოს.

შვებულებაში მყოფი მესუთ ოზილი სასწრაფოდ გამოიძახა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლოვმა და ის იძულებული გახდა თავი ემართლებინა და აეხსნა, რომ ერდოღანთან გადაღებულ ფოტო არანაირი პოლიტიკური განაცხადი არაა და მხოლოდ მისი წინაპრების და სამშობლოს პატივისცემის გამოხატულებაა.

ოზილი ამის გამო გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა, რომელიც ზოგიერთი საფეხბურთო ფუნქციონერისგან განსხვავებით, მზად იყო ფეხბურთელის არგუმენტებს გაგებით მოკიდებოდა.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად სკანდალი კიდევ უფრო დაიძაბა.

გერმნიის ნაკრების მარცხმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა და ამ დროს ისევ ამოტივტივდა ავბედითი ფოტოს ისტორია.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა ისევ მოუწოდა ოზილს, აეხსნა რატომ გადაიღო მან ფოტო ერდოღანთან და გერმანელმა ფეხბურთელმა ეს მიიღო, როგორც მცდელობა, რომ მისთვის აეკიდათ პასუხისმგებლობა ნაკრების წარუმატებლობის გამო და ის „განტევების ვაცად“ ექციათ.

ამ სკანდალში თავისი როლი გრინდელის პოლიტიკურმა წარსულმაც ითამაშა, პარლამენტის წევრობის დროს მას გაცხადებული აქვს, რომ მულტიკულტურალიზმი ეს მითია და გერმანული ქალაქები ძალიან ისლამიზირებულია.

საფეხბურთო თვალსაზრისით, ოზილის აღშფოთება გასაგებია: სპორტის სტატისტიკურმა სააგენტომ Squawka-მ გამოთვალა, რომ სამხრეთ კორეასთან წაგებული მატჩის დროს, რის შემდეგაც გერმანია ტურნირიდან გამოვარდა, მესუთ ოზილმა თავის პარტნიორებს 7 საგოლე მომენტი შეუქმნა და ეს გაცილებით მეტია ჯგუფურ ეტაპზე სხვა მოთამაშეების მიერ სხვა მატჩებში შექმნილ მომენტებზე.

„პასების მეფემ“ თავის საქმე გააკეთა და ამ მომენტებიდან ნახევარიც რომ გამოეყენებინათ, გერმანელები ამ მატჩს მოიგებდნენ. მაგრამ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელები მიყოლებით უშვებდნენ შანს ხელიდან, დამნაშავე კი მაინც ოზილი გამოვიდა.

გერმანიაში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომ ნაკრებში უცხოური წარმოშობის ძალიან ბევრი მოთამაშეა, ოზილმა ეს კრიტიკა მიიღო, როგორც მისი თურქული წარმოშობით გამოწვეული ქსენოფობიური თავდასხმა.

დიდი განხილვების შემდეგ „არსენალის“ 29 წლის ნახევარმცველმა კვირას ტვიტერზე მიყოლებით სამი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან განმარტა, თუ რატომ აღარ აპირებდა გერმანიის ნაკრების მაისურის ჩაცმას.

„გრინდელის და მისი თანამოაზრეების თვალში, მე გერმანელი ვარ, როცა ვიგებთ, მაგრამ როცა ვმარცხდებით, მაშინ ემიგრანტი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ მიღებული საზოგადოების მიერ, მე ისე მეპყრობიან , როგორც „უცხოს“- წერს ოზილი.

მისი თქმით, გერმანული მემარჯვენე პოლიტიკოსები მისი და ერდოღანის ფოტოს რასისტული განწყობების გამოსახატავად იყენებენ.

„ასეთმა დამოკიდებულებამ დამიკარგა სურვილი, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმა ჩავიცვა. მე თავს არასაჭიროდ ვთვლი და ვფიქრობ რომ ყველაფერი, რაც მე ჩემი საერთაშორისო დებიუტიდან- 2009 წლიდან გავაკეთე, დავიწყებულია. მე გერმანიის ნაკრების ფორმას დიდი სიამაყით და მღელვარებით ვატარებდი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი აღარაა... რასიზმი მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში.“- აღნიშნა ოზილმა.

თავის მხრივ გერმანიის საფეხბურთო კავშირიც გამოეხმაურა ამ ფაქტს და სინანული გამოთქვა ოზილის მიერ ნაკრების დატოვებასთან გამო და არ დაეთანხმა ფეხბურთელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანულ ფეხბურთში რასიზმი სუფევს.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებას იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კავშირი და რასიზმი ერთმანეთთან დაკავშირებულია. გერმანიის საფეხბურთო კავშირი ბევრი წელია ინტენსიურად მონაწილეობს ინტეგრაციულ პროცესში“- ნათქვამია კავშირის განცხადებაში.


მომზადებულია bbc-ის მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42