დღეს სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერი საქართველოში მოღვაწე მხატვრების გამოფენას ,,ხელოვნება ღია სივრცეში - ნარატიული ტალღას“ უმასპინძლებს.
ეს არტ-ფესტივალი დღეს მსოფლიოს 25 ქვეყანაში (ინდოეთი, საფრანგეთი, ინგლისი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ.) ერთდროულად ჩატარდება.
მხატვართა საერთაშორისო მოძრაობა ,,Narattive Movements“ მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ფესტივალში 170-ზე მეტი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან ამ ღონისძიებას 16 ქართველი ხელოვანი შეუერთდება. მათ შორის სამი მოზარდია.
საერთშორისო არტ-ფესტივალის ორგანიზატორების ნინა დარჩიასა და მალხაზ ვარშანიძის ინიციატივით, გამოფენის ჩასატარებლად არჩეულია ძველი თბილისის ტერიტორია, ვინაიდან ეს ადგილი თავისთავად მოხვდება ფოტოებში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი დედაქალაქის პოპულარობასა და ხელოვანი ადამიანების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.
მხატვართა ეს მოძრაობა დაარსა ცნობილმა ინდოელმა მხატვარმა ბიბექ სანტრამ (Bibek Santra). მან რამოდენიმე მოხალისე ხელოვანთან ერთად დაიწყო გამოფენების მოწყობა ღია სივრცეებში, რომელიც მიზნად ისახავდა სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას.
10 წლის წინ, ბიბექ სანტრას ხელმძღვანელობით და რამოდენიმე მოხალისე მხატვრის ინიციატივით დაწყებულმა ამ მოძრაობამ საერთაშორისო სახე მიიღო და მას მრავალი ქვეყნის მხატვარი შეუერთდა. ღია სივრცეებში გამოფენილი მხატვართა ნამუშევრების ასლები მიზნად ისახავს ადამიანების მეტად დაახლოებას ხელოვნების ამ დარგთან და მხატვრებთან უშუალო, გულღია საუბრებს, რაც მათში იწვევს დადებით ემოციებს. თანამედროვე ხელოვნება ესაა ალეგორიული, ავტობიოგრაფიული, სიმბოლური, თხრობითი, მეტაფორული და არის მხატვრის შემოქმედებითი სათქმელის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ადამიანების ემოციების განმუხტვას ემსახურება, ზოგიც ახლიდან აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს.
გამოფენა სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში 17:00-დან 21:00 საათის განმავლობაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები