ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი ხორვატიამ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ყველაფერი კი ამის შემდეგ დაიწყო... ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ და სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოგნენ ვუკოევიჩმა რუსეთთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ვიდეო ჩაწერეს, სლოგანით „დიდება უკრაინას“, რის გამოც პირველმა გაფრთხილება მიიღო, მეორემ კი სოლიდური ჯარიმა და დისკვალიფიკაცია.
მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ ახალი ვიდეო, უკრაინელმა ფეისბუკმომხმარებლებმა კი ფიფას ფეისბუკგვერდის რეიტინგი ჩამოშალეს (ამაში მათ ქართველი ფეისბუკელებიც წაეხმარნენ)
მივყვეთ ამ ხმაურიანი მოვლენის ქრონოლოგიას:
შაბათს, 7 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში ხორვატიამ რუსეთს მოუგო. ცოტა ხანში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა იძახის „დიდება უკრაინას“, ვუკოევიჩი კი ამბობს „ეს გამარჯვება „დინამოსთვის“ და უკრაინისთვისაა“
ვიდეოს ორივე მონაწილე - კიევის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშეა, ვიდა საფეხბურთო კლუბში 2013-2018 წლებში თამაშობდა, ვუკოევიჩი კი 2008-2015 წლებში.
კვირას 8 ივლისს, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა დომაგოი ვიდა გააფრთხილა, თუმცა მისი დისკვალიფიკაციისგან თავი შეიკავა. ხორვატმა მცველმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ შეშფოთებულია, მისი სიტყვების ინტერპრეტაციის გამო.
„ეს ერთმნიშვნელოვნად არ ყოფილა პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ იყო მადლიერება უკრაინის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერის გამო, სადაც მე და ვუკოევიჩმა რამდენიმე წელი გავატარეთ“- განაცხადა ფეხბურთელმა.
რაც შეეხება ვუკოევიჩს, ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა მას ტურნირის აკრედიტაცია ჩამოართვა. ახლა ვუკოევიჩი, რომელმაც მოთამაშის კარიერა 2014 წელს დაასრულა, უკვე აღარ შედის ხორვატიის დელეგაციაში და დელეგაციის ფარგლებში აღარ შეუძლია ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება. ფიფას გადაწყვეტილებით, ის ასევე დააჯარიმეს 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით.
ვუკოევიჩმა თავის განცხადებაში თქვა, რომ მის სიტყვებში პოლიტიკური ქვეტექსტები არ ყოფილა.
„მე ვხვდები, რომ სამწუხაროდ შესაძლებელი იყო ჩემი განცხადების ინტერპრეტირება. მე ვწუხვარ ამაზე და ბოდიშს ვუხდი რუს გულშემატკივარს.“- განაცხადა ვუკოევიჩმა.
ფიფას განცხადებით, ვუკოევიჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანისას, გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ მან ბოდიში მოიხადა.
ორშაბათს, 9 ივლისის საღამოს ქსელში გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც დომაგოი ვიდა ყვირის „დიდება უკრაინას“, მასთან ერთად კადრში ჩანს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ივიცა ოლიჩი, რომელიც თითქმის არ საუბრობს.
გაურკვეველია, როდის არის ვიდეო გადაღებული, მაგრამ დეტალების მიხედვით შესაძლებელია ითქვას, რომ ვიდეო წინა ვიდეოს მსგავსად გადაღებულია რუსეთთან მატჩის შემდეგ 7 ივლისს. ვიდა და ოლიჩი სხედან იმავე ფონზე, კედლის წინ, როგორც წინა ვიდეოში და მათ იგივე მაისურები აცვიათ.
როგორც უცხოური მედია წერს, ვიდეოები თავად ფეხბურთელებს არ გაუვრცელებიათ, ისინი სოცქსელში უკრაინელი ჟურნალისტების და ბლოგერების გვერდებზე გამოჩნდა . სავარაუდოდ, ფეხბურთელებმა ვიდეოები ჩაწერეს უკრაინაში თავისი ნაცნობებისთვის და მათ გაუგზავნეს.
როგორც უცხოური მედია წერს ვიდეოში ვიდა მიმართავს „კაფანს“ (ბალკანურ რესტორანს), შემდეგ იძახის „ყველას სალამი, ბელგრადო დაიწვი“ (რაც ხორვატიულიდან თარგმანისას შესაძლოა გაგებული იქნას „გახურდი“), ამის შემდეგ ის ოლიჩთან ერთად მღერის სიმღერას კაფანზე Kafana je moja sudbina და ვიდეოს ამთავრებს ფრაზით „იოვან, ძმაო, აკოცე ყველას“.
როგორც ხორვატული მედია წერს, ვიდეო ჩაწერილია ვიდას ნაცნობებისთვის, რომლებიც კიევურ რესტორან „ბელგრადში’ მუშაობენ, ეს არის ერთადერთი სერბული რესტორანი კიევში. იოვანი კი „ბელგრადის“ მფლობელია. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ვიდა კიევის „დინამოში“ თამაშობდა.
როგორც bbc-ის სერბული სამსახური წერს, ვიდას მხედველობაში სწორედ ეს რესტორანი ჰქონდა.
„როდესაც ის ამბობს "Belgrad gori", თანამედროვე ენაში ეს ნიშნავს, წვეულების გახურებას და ა.შ. ამას არ აქვს ნეგატიური შინაარსი. ნათელია , რომ ის რესტორანს მიმართავს და არა სერბეთის დედაქალაქს.“- აცხადებს bbc-ის სერბული სამსახურის რეპორტიორი ალეკსანდრ მილადინოვიჩი.
ვიდა წარმოთქვამს „ბელგრადს“, თუმცა ხორვატულ ენაზე სერბეთის დედაქალაქი გამოითქმის როგორც „ბეოგრადი“. რას ასევე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ვიდა სწორედ რესტორანს გულისხმობდა.
„დიდება უკრაინისთვის“ ხორვატი ფეხბურთელების დასჯის გამო, 9 ივლისს, საღამოს უკრაინელმა ფეისბუკმომხმარებლებმა ფიფას ფეისბუკგვერდს შეუტიეს და დაბალ შეფასებას 1 ვარსკვლავს უწერდნენ. მსგავსმა შეფასებებმა თითქმის 200 ათასს მიაღწია, რის გამოც გვერდის რეიტინგი 5 ვარსკვლავიდან 1,3-ზე დაეცა. ამ შეფასებებს თან ახლდა კომენტარებიც „დიდება უკრაინას“. საბოლოოდ ფიფას ადმინისტრაციამ ფეისბუკგვერდს შეფასებების ფუნქცია გაუთიშა.
ასევე 9 ივლისს საღამოს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ ფიფას გაუგზავნეს წერილი, სადაც ახსნეს ფრაზა „დიდება უკრაინას“ მნიშვნელობა.
„ლოზუნგი „დიდება უკრაინას“ წარმოადგენს მისალმებას და პატივის მიგებას დაღუპულებისათვის, ეს მისალმება უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ასევე ლოზუნგად, რომელსაც ხშირად იყენებს უკრაინელი გულშემატკივარი თავისი ფეხბურთელების გასამხნევებლად. ამასთანავე ამ ლოზუნგში არ არის არანაირი ნეგატიური ან შეურაცხმყოფელი შინაარსი და წარმოადგენს ისეთივე გამოთქმას, როგორიცაა „დიდება ხორვატიას“ ან „დიდება საფრანგეთს“- ნათქვამია განცხადებაში. როგორც ფედერაცია განმარტავს, ფეხბურთელმა რომელიც წლების განმავლობაში გამოდიოდა უკრაინულ კლუბში, ამ ლოზუნგით მადლიერება და პატივისცემა გამოხატა უკრაინის და უკრაინელი გულშემატკივრების მიმართ.
„ფიფას დისციპლინარული წესები მსგავსი ქმედებების აკრძალვას არ გულისხმობს“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
უკრაინაში ფრაზა „დიდება უკრაინას“ შეიძლება გაიგოთ ნებისმიერი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანისგან. თუმცა სავარაუდოდ, ამ ფრაზის მთქმელი რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი იქნება.
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, მისალმების სრული ვარიანტი „დიდება უკრაინას- გმირებს დიდება!“ უკრაინელების უმრავლესობისთვის ასოცირდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტური ამბოხების მოძრაობის წევრებთან. ამასთან ფრაზის პირველი ნაწილი „დიდება უკრაინას“ აქტიურად გამოიყენებოდა კიევის „დინამოს“ და უკრაინის ნაკრების გულშემატკივრების მიერ კერ კიდევ 90-იან წლებში, ყველანაირი ისტორიული ბმის გარეშე. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ეს მისალმება გამოიყენებოდა ჯერ კიდევ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დროს 1917-1920 წლებში, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის და უკრაინელ ამბოხებულთა არმიის შექმნამდე დიდი ხნით ადრე.
ფართო მასებში ეს მისალმება გავრცელდა 2004 წელს, პირველი მაიდანის დროს. მაშინ ჯერ კიდევ მომავალ პრეზიდენტს ვიკტორ იუშენკოს უყვარდა თავისი გამოსვლის ამ ფრაზით დასრულება და სწორედ ეს ფრაზა იქცა, პირველი მაიდნის ერთ-ერთ ლოზუნგად.
საბოლოოდ სლოგანმა არაოფიციალური ნაციონალური სიმბოლოს სახე მიიღო 2013-2014 წელ,ს მეორე მაიდნის დროს. ამჯერად ფრაზის მეორე ნაწილი „გმირებს დიდება“ გამოიყენებოდა არა მხოლოდ ისტორიული გმირების მოსახსენიებლად, არამედ უკვე ეხებოდა მათაც, ვინც მაიდანზე ან დონბასში მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა.
ამ წლის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა, რომ „დიდება უკრაინას- გმირებს დიდება“ მიღებული იქნას როგორც სამხედრო მისალმება. თუმცა უმაღლეს რადას ჯერჯერობით ეს საკითხი არ განუხილავს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ფრანც კლინცევიჩმა ხორვატიას სლავური სამყაროს მოღალატე ქვეყანას უწოდა, მას შემდეგ, რაც ხორვატმა ფეხბურთელმა დომაგოი ვიდამ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთთან მოგების შემდეგ ვიდეო ჩაწერა და გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა სიტყვებით „დიდება უკრაინას“. კლიმცევიჩი მიიჩნევს, რომ მომხდარი სავარაუდოდ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა.
მომზადებულია bbc-ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები