მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგმოდულის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო.
ტრენინგის მიმდინარეობას მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე გაეცნენ.
4-დღიან ტრენინგს ჯამში 8000-მდე კლასის დამრიგებელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გაივლის.
ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან ბულინგისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს, ტოლერანტულ და არატოლერანტულ ქცევათა მაგალითებს, ბავშვის უფლებებს და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებს. ასევე, ბულინგის პრევენციის გზას სოციალური და ემოციური სწავლების საშუალებით, კულტურათაშორის ურთიერთობებში ტოლერანტული ქცევის მნიშვნელობას და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებს.
მოდულის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე მასწავლებელი 1,5 კრედიტქულას მიიღებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს შეეძლებათ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, ასევე, საკლასო ოთახში, სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები