ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში რჩება და პროტესტს განაგრძობს.
სარალიძის თქმით, მას მოთხოვნები არ შეუცვლია და მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს.
“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.
1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.
ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.
სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიც, მათ შორის "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.
" მოთხოვნა არის დაისაჯოს ადამიანები ბრალეული ქმედებისთვის, რა დანაშაულიც მათ აქვთ ჩადენილი. იმედია ამ სამკვირიანმა ხელისუფლებამ რაღაც შინაარსი გამოიტანა წინა ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნების იგნორისგან და ალბათ ხვდებიან ამ მოთხოვნების სერიოზულობას.
ზაზას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კალანდიას არ დაიწერენ. ამიტომ მიიღო ზაზამ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,"-აცხადებს კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






