მართალია, თბილისის მერია კვლავ ასაიდუმლოებს მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს (რომელიც მანამდე კრიტიკის სავსებით სამართლიან ქარ-ცეცხლში გაატარა), მაგრამ ამასობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას ითვალისწინებს (ანუ ჯერ გენგეგმის პროექტმა სატრანსპორტო დერეფნები შესთავაზა მერიას თავისი ხიდებ-საბაგიროებით და ახლა იწყებს სატრანსპორტო ქსელის კვლევას). შესაბამისად, ფრანგული კომპანია "სისტრა" თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს, ცხადია, კველვის საფუძველზე.
ერთი სიტყვით, დედაქალაქის მერი გვპირდება, რომ 15 თვეში გვექნება ის რეალური სურათი, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს დედაქალაქში საავტობუსო ხაზები, რომ სრული სატრანსპორტო ჰარმონია შექმნას მეტროსთან და მიკროავტობუსებთან. რაც შეეხება ფინანსებს: ევროპისა და რეკონსრუქციის განვითარების ბანკისთვის საგრანტო თანხას ევროკავშირი გამოყოფს (500 000 ევროს), 300 000 ევროს კი თბილისის მერია გაიღებს (ცხადია, იმ 2 მილიონ 800 000 ლარის გარდა, რომელიც ჩაუთვალა „სითი ინსტიტუტს“ გენგეგმის ჯერჯერობით მზეთუნახავ პროექტში).
აქვე მოგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქს (მილიონზე მეტი მოსახლეობით) ხუთასზე მეტი ავტობუსი ემსახურება და ამ პროექტით მერია იმედოვნებს, რომ ზუსტად ეცოდინება, რამდეი ავტობუსი და მარშრუტი ესაჭიროება თბილისს.
იმაზე, თუ როგორ აპირებს ქართულ-ფრანგული კომპანია ამ მიზნის მიღწევას, , ტრანსპორტის სპეციალისტი გიორგი გიგაური გვესაუბრება, რომელიც იმავდროულად არის „სისტრას“ ქართველი კომპანიონის „სპექტრუმ კონსალტინგის“ კონსულტანტი.
–რა პრობლემებს ხედავთ დედაქალაქში და რატომ დადგა დღის წერიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი?
–გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ფრანგულ-ქართულმა კონსორციულმმა მოიგო და დავიწყეთ მუშაობა სამარშრუტო ქსელის კვლევაზე, რაშიც იგულისხმება მიკროატობუსები და ავტობუსები. თითოეული ჩვენგანი ვხედავთ, რა გამოწვევაა ქალაქში, უპირველესად, ეს არის დუბლირეული ქსელები: ერთი და იმავე მმიმართულებით მიკროავტობუსიც დადის, ავტობუსიც და ხშირად პარალელურად მეტროს ხაზიც მიჰყვება და შეიძლება, ითქვას, რომ არაეფექტიანადაა ათვისებული ის რესურსი, რომელიც ქალაქს აქვს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სახით.
–ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტის ხელმისაწდომობას?
–უზრუნველყოფს, მაგრამ არაეფექტიანია. ვიცით, რომ განვითარებულ ქალაქებში მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მარტივია მგზავრის გადაყვანა. ჩვენთან კი არაფექტიანია, რადგან დუბლირებულია. მართალია, ხელმისაწვდომობა ყველგანაა, მაგრამ ლოლინის შუალედებია ხანგრძლივი და არ არის სწრაფი კავშირი. ჩვენც გვინდა და ტენდერის დავალებაც ამას ითვალისწინებს, რომ უფრომ ეტად ორგანიზებული სტრუქტურა შევთავაზოთ ქალაქის მერიას, რათა უფრო კომფორტული გახდეს გადაადგილება და შემცირდეს მოთხოვნა კერძო ავტომანქანების გადაადგილებაზე.
–მეტროპოლიტენის განვითარებული ქსელი მეტად აადვილებს კომუნიკაციას, მათ შორის, განვითარებულ ქალაქებშიც. მეტროპოლიტენი არის თქვენი ინტერესი?
–მეტროც საზოგადოებრივი ტრანსპორტია და დღიურ მგზავრთა მესამედი გადაჰყავს. ამდენად, ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია მეტროც და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება, უბრალოდ საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელი იქნება მეტროზე მიბმული და შემდეგ მეტროთი გაგრძელებული. თუმცა მეტროს განვითარება უფრო გენგეგმის ხედვაა, როგორც ვიცი.
–გენგეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი არ წამიკითხავს, მაგრამ მის ბოლოს წინა ვარიანტში შემოთავაზებული იყო სატრანსპორტო დერეფნები. საზოგადოებრივი ტრანსპორტისაც, ქვეითად მოსიარულეთათვისაც, აცდენა რომ იყოს თქვენს შეთავაზებასა და იმ დერეფნებს შორის, როგორ წყდება ეს საკითხი?
–2016 წელს დამტკიცებულია თბილისის ქალაქის განვითარების სატრანსპორტო სტრატეგია 2030 წლამდე. ამ პროექტზე მუშაობდა ფრანგი სპეციალისტი ჟან მანუელ ჟილი და მისი გუნდის წევრი ვიყავი მაშინ მეც და ახლაც ვარ „სისტრას“ გაერთიანებელი ჯგუფის წევრი, სადაც ჟან მანუელი არის მენეჯერი. ეს სატრანსპორტო დერეფნები გამოყოფილი და დადგენილია წლებია და ვცდილობთ, ამ დერეფნებში განვითარდეს სატრანსპორტო ქსელი. იმავე დერეფნებზეა ლაპარაკი გენგეგმაშიც.
–ანუ თქვენ მიერ დანახული და დადგენილი სატრანსპორტო დერეფნები აიღო სახელმძღვანელოდ გენგეგმის ჯგუფმა?
–ეს არ არის ვინმეს საკუთრება, დერეფანში იგულისხმება ჭავჭავაძის გამზირი, ზერეთლის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი… ეს არის სპეციალისტების ხედვა და შევთანხმდით, რომ თბილისში არის, სულ მცირე, ხუთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ეს ნახსენებია „სისტრას“ კვლევაშიც, გენგეგმის პროექტშიც, შესაძლოა, დამატებულია რამდენიმე დერეფენი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ზოგად ხედვას.
–გენგეგმის ავტორები ამბობენ, რომ გერმანელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს თბილისის გზები და თურმე უკვე არსებულა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია დედაქალაქის სატრანსპორტო დერეფნები.
–გერმანელებმაც გააანალიზეს არსებული დოკუმენტები და თავისებური ვერსიაც შემოგვთავაზეს. აეროსურათით მარტივად დაინახავ, რომელია დერეფანი, რამდენი მიკრავტობუსი დადის, როგორაა მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. მით უმეტეს, ადვილი დასანახია ეს უცხოელი სპეციალისტისთვის.
–ლაპარაკი იყო, თუ როგორ საფუძვლიანად შეისწავლეს თბილისის სატრანსპორტო სქემები და გზები გერმანელმა სპეციალისტებმა, ამიტომაც დავინტერესდი. არ ყოფილა ეს ისეთი სერიოზული საკითხიც, თურმე, რომელიც მანამდე არავის უკვლევია. თქვენ მიერ დასახელებულ დერაფნებშიც არის „საცობები“, როგორ უნდა მოხერხდეს ამ პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილება?
–ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მეშვეობითაც დავითვალეთ მგზავრთა ნაკადი როგორც ავტობუსში, ისე მიკროავტობუსში. ასევე, გამოვკითხეთ მგზავრები, სად მიდიოდნენ, რა დანიშნულებით, რა ასაკის იყვნენ და სხვა. საოცრება ვერ მოხდება და ქალაქში კერძო ავტომანქანების რაოდენობა არ შემცირდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, უფრო მეტად მიმზიდველი და კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, რომ თანდათანობით ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით კერძო ავტომანქანები.
–და რა საშუალებებია ამისთვის?
–შეამჩნევდით, რომ რაც ლურჯი ავტობუსები შემოვიდა, ბევრი, ვისთვისაც ხელსაყრელია ის დერეფნები, რომლებშიც ეს ლურჯი ავტობუსები მოძრაობენ, შადასხდა, რადგან იქ კომფორტიცაა, სიგრილეც და მგზავრი დანიშნულების ადგილზეც მიდის.
–პრობლემაა დერეფნების, გზების გამტარუნარიანობა, შესაძლებელია, ასეთ გადატვირთულ მოძრაობაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გაიაროს შეუერხებლად?
–ეს ბოლო ეტაპის თემაა, ახლა ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვართ მგზავრთა ნაკადების და ამასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლის სტალიაში. ეს მონაცემები უნდა მოვაქციოთ ერთ სისტემაში, გავაანალიზოთ და შევქმნათ სატრანსპორტო მოდელი, რომელიც უკვე მათემატიკურ საფუძვლეზე იქნება დამყარებული.
– კერძო ავტომობილების ნაკადების დათვლა არ გეხებათ?
–ამ მონაცემებს ქალაქის მერია გვაწვდის. გზაჯვარედინებზე უკვე დგას მთვლელები და ავტომატურად იწერება ეს მონაცემები.
–გენგეგმის პროექტი ლაპარაკობს ახალი ხიდების, საბაგიროების მშენებლობაზე. მე ასე მესმის, რომ მოძრაობის განსატვირთად. თუ არ დაემთხვა თქვენ ანალიზს გენგეგმის შემოთავაზებები, როგორ გადაწყდება ეს წინააღმდეგობა?
–ეს წინააღმდეგობა არ არის. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ გენგეგმის ხედვა. ეს კომპლექსური ნამუშევარია, მათ დადეს ერთიანი ხედვა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს გაუხსნეს ხელ-ფეხი, რომ მათ თავიანთი ზედვები შემთავაზონ ქალაქს. ერთ-ერთი ნაწილია საზოგადოებრივი სატრანსპორტო სქემები.
–ხედვა გაანალიზების შედეგად არ ყალიბდება? თუ არ მაქვს გაანალიზებული მონაცემები, არც მონაცემები, ხედვის ჩამოყალიბება შესაძლებელია?
–დიახ, შესაძლებელია.
–ანუ გადავხედავ ქალაქს და ვიტყვი, რომ აქ იქნება გზა, იქ ახალი მაგისტრალი, აქ ხიდი, იქ კოსმოდრომი?
–გადახედვით არ დგება ხედვა.
–უტრირებას ვაკეთებ. გენგეგმის პროექტში არ არის კვლევები და იმიტომაც ვახსენე გადახედვა.
–გენგეგმაში გამოიყენებული იყო მერიის მიერ მიწოდებული სატრანსპორტო ნაკადები სხვადასხვა გზაჯვარედინებზე. როცა გაქვს ინფორმაცია ნაკადების შესახებ და სიტუაციურად უყურებ განაშენიანების განვითარების ტენდენციებს, უკევ იცი, რა მდგომარეობა გაქვს. ამისთვის დაიქირავეს ის კომპანია, მათთან გამოცდილი სპეციალისტები მუშაობდნე და მათ ეს არ შეეშლებოდათ.
–მე არ ვამბობ, რომ შეეშლებოდათ, მაგრამ გენგეგმის პროექტში იყო კომიკური ჩანაწერებიც კი. ციტატების მოტანაც კი შემიძლია. კვლევის არაფერი ეტყობოდა და ბოლოს წინა ვარიანტი საკმაოდ არასერიოზულ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა ადგილ-ადგილ.
–კვლევა მოდის განვითარების ტენდენციებიდან, კვლევა იყო მთლიანად ის დოკუმენტი, როდესაც გაქვს მონაცემები, ყალიბდება გეგმა.
–მე ვერ ვნახე, სიმართლე გითხრათ. რომ გამოქვეყნდება საბოლოო ვარიანტი გენგეგმის პროექტის, მოვძებნი.
–მათ შესთავაზეს მერიას, თუ გინდათ, რომ გაიმართოს მოძრაობა, უნდა გქონდეთ სატრანსპორტო მოდელი და ჩვენ ვქმნით ამ სატრანსპორტო მოდელს.
–ანუ გენგეგმამ თქვა, რომ ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემაა?!
–ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო მოდელს და შემდეგ ქალაქის მერია თავად მიიღებს დიდ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს გენგეგმის ფარგლებში თუ მის გარეშე.
–სწორედ ეს გკითხეთ: თუ აღმოჩნდა, რომ აქ ხიდი და იქ საბაგირო არ არის მიზანშეწონილი, როგორ წყდება პრობლემა?
–მაგალითად,ავიღოთ ხიდი ლისთან, ეს აუციცლებელი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან იქ გაშენდა საცხოვრებელი კომპლექსი და სჭირდება კავშირი სანაპიროებს შორის. ამ კავშირის გადაწყვეტა და ხიდის დეტალური დიზაინი უნდა შეიქმნას დამატებითი კვლევების შედეგად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხიდი არ არის საჭირო, მოდელი ადგენს, როგორი ხიდია საჭირო.
– გენგეგმის პროექტში არაფერია ნათქვამი „საცობების“ განტვირთვის საშუალებებზე, მეტიც, ეს სგენგეგმის საქმე არ არისო. „საცობების“ პრობელმის მოხსნის გარეშე შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის შექმნას?
–რა თქმა უნდა.
–საცობი თუ ისევ იქნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორ გაახდება პრიორიტეტული და ეფექტიანი?
–გეტყვით, რა არის მნიშვნელოვანი „საცობების“ კუთხით: მოძრაობის წესების დაცვა, რასაც არც ერთი მძღოლი არ აკეთებს.
–მე ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს.
–არ იცავთ არც თქვენ, არც მე, მოძრაობთ ერთ ზოლში, უხვევთ თქვენს ზოლში?!
–ვცდლობ, ციმციმასაც კი აქტიურად ვიყენებ.
–მაგრამ თავს ვერ დებთ, რომ იცავთ მოძრაობის ყველა წესს. როდესაც დადგება ის დრო, ყველა დაიცავს მოძრაობის წესებს და ყველას ეცოდინება, რომ ამას აკონტროლებს პოლიცია, გზებზე არ იქნება ქაოსი. მხოლოდ ამ გზით შესაძლებელია „საცობების“ 15-20-პროცენტამდე განტვირთვა.
–თბილისში არის ქუჩები, სადაც ერთი ზოლია მხოლოდ და ორმხრივი მოძრაობა შეუძლებელია, იმიტომ რომ პარკირებისთვისაცაა ზოლი. როგორც ახალ, ისე ძველ უბნებშია ასეთი ქუჩები, რომლებზეც შენდება სახლები. არის ასახული ეს რეალობა გენგეგმის პროექტში და თქვენ როგორ გადაწყვეტთ ამ პრობლემას?
–გენეგმის მიზნებში ეს არ შედიოდა, ჩვენი ხედვა კი არის ის, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დაგეგმილი ურბანული ტერიტორიები, რომ ახალი განაშენიანების შემთხვევაში არ მოხდეს სატრანსპორტო მიუწვდომლობა.
–რამდენი დრო დასჭირდება თქვენს კვლევას?
–წლის ბოლოს გვექნება ახალი სატრანსპორტო სქემა და მომავალი წლიდან დავიწყებთ მოდელირებას.
–როდის ამოქმედდება ეს სატრანსპორტო სქემები?
–არ არის გამორიცხული, მომავალ წელსაც გაეშვას.
ნინო მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






