საფეხბურთო მატჩის მართვისთვის მსაჯის ყველაზე მთავარი იარაღი წითელი და ყვითელი ბარათებია, რომელიც მხოლოდ 1970 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს შემოიღეს.
იდეის ავტორი ინგლისელი მსაჯი კენეტ ასტონი იყო, რომელსაც იდეა საგზაო შუქნიშნის ამკრძალავმა ფერებმა მიაწოდა.
"მივდიოდი ერთხელ ლონდონში და გზაჯვარედინზე წითელი აინთო. აი! იდეა, ვთქვი მე - ყვითელი ნიშნავს "დამშვიდდის", წითელი - "სტოპ - გადი მინდვრიდან," - წერს ასტონი.
60-იანი წლების დასაწყისში საფეხბურთო მოედნებზე უხეშობამ და მასობრივმა ჩხუბმა იმატა. ბევრი მატჩის შემდეგ ფეხბურთელების საავადმყოფოში გადაყვანა უწევდათ.
ძალადობის კულმინაციამ ჩილეს 1962 წლის ჩემპიონატზე მიაღწია. სსსრკ-იუგოსლავიის მატჩის დროს რამდენიმე ფეხბურთელმა ძვლების მოტეხილობა მიიღო. ანალოგიური მოხდა გერმანია-იტალიის მატჩის დროს. ესპანეთისა და ჩეხოსლოვაკიის თამაშისას მეკარემ თავში ისეთი დარტყმა მიიღო, რომ გონება დაკარგა.
თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ჩილესა და იტალიის თამაში დოს მოხდა, რომელსაც "სანტიაგოს ბრძოლა" უწოდეს. ფეხბურთელები ერთმანეთს ფეხებსა და ხელებს ურტყავდნენ. მატჩის ორგანიზატორებმა მოედანზე პოლიცია გამოიძახეს. უკმაყოფილება მსაჯობის ხარისხმა გამოიწვია. "მე კი არ ვმსაჯობდი, სამხედრო მანევრებში ვმონაწილეობდი," - აცხადებდა ზემოთხსენებული კენეტ ასტონი, რომელიც მთავარი არბიტრი იყო.
მას შემდეგ მან მსაჯობის ახალ რეგულაციებზე დაიწყო ფიქრი და მისი იდეები საბოლოოდ 1970 წელს იქნა შემოღებული, როდესაც ასტონი FIFA-ს სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა (1970-72 წლები).
ასტონს ფიფაში მუშაობისას კიდევ ერთი საფეხბურთო კოლიზიის განხილვა მოუწია. 1966 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გერმანელმა მსაჯმა რუდოლფ კრაიტლაინმა ინგლის-არგენტინის თამაშის დროს არგენტინელთა კაპიტანი ანტონიო რატინის, შელაპარაკებების გამო, მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა. მსაჯსა და ფეხბურთელს შორის კამათი 10 წუთი გაგრძელდა - მსაჯს არგენტინელის ესპანური არ ესმოდა, ხოლო ფეხბურთელი სხვა ენაზე არ ლაპარაკობდა. მათ შორის ჩხუბი და შელაპარაკებაც მოხდა და ბრიტანეთის პოლიციამ მსაჯი დაცვის ქვეშ გაიყვანა მოედნიდან.
სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა ისეთი რეგულაციის შემოღების აუცილებლობის შესახებ, რომ მსაჯს ახსნა განმარტებებისა და საუბრის გარეშეც შეძლებოდა მოედანზე მყოფი 22 ადამიანისთვის მისი გადაწყვეტილების ნათლად გამოხატვა.
ასტონმა მუშაობა განაგრძო და შედეგად მივიღეთ ფეხბურთელის დასჯის ორბარათიანი სისტემა.
კენეტ ასტონი 2001 წლის 23 ოქტომბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები