კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება.
გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან -ფონდი „გუდავაძე-პატარკაციშვილისაგან“ 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან:
ელისო აბრამიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
ნინო გურეშიძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი;
ნადია დაბრუნდაშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
მანანა კაპეტივაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
ლელა კოტორაშვილი - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ჯაბა ლაბაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
დაჩი ნანობაშვილი - თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;
თემურ სუყაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლისსამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
ნაზი ჩოფიკაშვილი - ყაზბეგის მუცნიპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი;
ნინო ჭიჭინაძე - მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება)
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და ლიბერთი ბანკის გარდა, მხარს უჭერენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
მასალის გამოყენების პირობები