პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება გუშინ რუსთაველის გამზირზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირის დაკავების ფაქტს და იმ საკითხს, რომ ცდილობენ აღნიშნული პირის მათ ოჯახთან დაკავშირებას:
„გვსურს გამოვეხმაუროთ, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 11 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირს ჩვენს ოჯახთან და ჩვენს გარემოცვასთან აქვს კავშირი.
როგორც უკვე ცნობილია, ჩვენი ოჯახი და კონკრეტულად მალხაზ მაჩალიკაშვილი მონაწილეობას იღებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასათან დაკავშირებულ აქციებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთ-ერთი აქციის ფარგლებში, 11 ივნისს, დააკავა რამდენიმე პირი. აღნიშნულ პირებთან ერთად, შსს -ს ინფორმაციით, დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი და ინტერპოლის მიერ ძებნილი ბესლან ლორსანოვი, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ავტომატურად ჩვენს ოჯახს, გარემოცვას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ დასახელებული პიროვნება, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გარემოცვასთან იმყოფებოდა.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს და ჩვენს ოჯახს ბესლან ლორსანოვთან არანაირი შეხება არ აქვს, აქციების დაწყების პერიოდიდან, მანამდე ან დაკავების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილს მასთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია არ ჰქონია და ზოგადად დაკავებამდე მისი არსებობის ან საქართველოში ყოფნის შესახებ ჩვენთვის უცნობი იყო, თუმცა, დაკავების შემდგომ სხვადადასხვა წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება დაახლოებით 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და გარკვეულ პერიოდში სასაჯელაღსრულების დაწესებულებაშიც იყო მოთავსებული.
აგრეთვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ბ. ლორსანოვი არ ყოფილა 2018 წლის 11 ივნისს აქციაზე, მით უფრო ჩვენი ოჯახის წევრების გვერდით, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ პიროვნების დაკავება მოხდა არა უშუალოდ აქციაზე, არამედ სხვა ტერიტორიაზე და მან მისი პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესში გაუწია წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან ჩვენი ოჯახის წევრის დაკავშირება არის კიდევ ერთი მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ემსახურება ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციას და საზოგადოების მხარდაჭერის შესუსტებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, შესაბამის ორგანოებს და მედია საშუალებებს თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან და უზრუნველყონ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






