ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს. კლინიკა კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის.
„ერთიანი ნაციონალური მოძღაობის“ წევრი, რომელმაც ტრავმა რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების დროს მიიღო, აცხადებს, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ეთიკის საბჭოს შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი გათავისუფლებულია სამსახურიდან გუშინ მომხდარი ფაქტის გამო. საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა, რომ მას ეთიკური გადაცდომა მოუვიდა სამედიცინო მიმართულებით გუშინ ნინო კვიტაიშვილის მიმართ.
ეთიკის საბჭოს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ აღნიშნული საკითხი განიხილონ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილება.
„მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, ქალბატონს ჩაუტარდა სრულყოფილი და ადეკვატური მკურნალობა კლინიკის მიერ, რაც შეეხება კონკრეტულად ფაქტს, ეთიკის კომისიამ განიხილა საკითხი და კლინიკამ გამოიტანა გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ იგი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეს საკითხი განიხილოს“, - განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ვასილ ჭეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






