მოზარდების მკვლელეობა ხორავას ქუჩაზე - მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში მივიდა. სარალიძის ინფორმაციით, მან გენინსპექციას გუშინ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
ზაზა სარალიძე, რომელმაც გენინსპექციას საკუთარი ნებით მიმართა, აღნიშნავს, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველთა მხრიდან გარკვეული გადაცდომები მოხდა - სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავაზე და მის თანმხლებ პირებზე იძალადეს.
ზაზა სარალიძე იმ სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
„ჯერ ერთი, მე არ უნდა მიმემართა, თავად უნდა დაეწყოთ რეაგირება იმაზე, რაც მოხდა სასამართლოს შენობის სასადილოში, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, მე მივმართე და დეტალებზე ვისაუბრებ. ვიჯექით ჩვენთვის, საჭმელს ვჭამდით, ზვიად კუპრავას მიმართეს მოსამართლე გიბარებსო, ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა, ტავზე დაგვამხეს ყველაფერი, გადმოგვიყირავეს საჭმელ-სასმელი, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჩემზეც იძალადესო ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯიკაობის მომენტში ჩემსკენაც წამოვიდნენ, ეს იყო აბსოლუტური მარაზმი, ჭამა არ გავცადეს, რა უბედურებაა, სამართალდამცავი უნდა გიცავდეს და აქეთ მოდის ზეწოლაზე. არ ვიცი რატომ მოხდა, მაგის გასარკვევად ვარ მოსული აქ. ეს იყო ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან ჩემს მიმართ და არა მარტო ჩემს მიმართ.
გადაცდომას კი არა, დასაჭერები არიან სულ ყველა, ყველა, ვინც იყო იქ პოლიციელი, ყველა, კონკრეტული პოლიციელები და ხელმძღვანელები თვითონ გადაწყვიტონ არიან თუ არა დასაჭერები“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






