თიბისი არტ გალერეა ცნობილი ქართველის მხატვრის, მამია მალაზონიას ნამუშევების გამოფენას, „მამია მალაზონია -წიგნი“ მასპინძლობს. გამოფენა მთლიანად ეძღვნება წიგნსა და წიგნის ხელოვნებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ წიგნის ილუსტრაცია და გრაფიკული სერიები, არამედ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნებიც, სადაც ქართველი მხატვრის დასურათებებია შესული.
მამია მალაზონიას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული გრაფიკული ხელოვნების მკვლევართა, გამომცემელთა და ზოგადად, წიგნის მოყვარულთა წრეებში. ის მუშაობს დაზგურ გრაფიკასა და წიგნის დასურათებაზე, თეატრის, კინოსა და ანიმაციური ფილმების მხატვრობაზე, მონუმენტურ ხელოვნებაში.
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მამია მალაზონიას გამართული აქვს15 პერსონალური გამოფენა, გაფორმებული აქვს 90-მდე სპექტაკლი, 16 მხატვრული და ანიმაციური ფილმი. მათ შორის: პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ (რეჟ. გიგა ლორთქოფანიძე) და ავქსენტი ცაგარელის „ძველი ვოდევილები“ (რეჟ. ვასო გოძიაშვილი) - მარჯანიშვილის თეატრში, ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ (რეჟ. რობერტ სტურუა) -რუსთაველის თეატრში, „აბესალომ და ეთერი“ (რეჟ. გიზო ჟორდანია) ოპერისა და ბალეტის თეატრში. მხატვარს დასურათებული აქვს 40-მდე გამოცემა:”ცხოვრება იესო ქრისტესი”, „მათეს სახარება“, „ფსალმუნები“, რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბა ორბელიანის ”სიბრძნე სიცრუისა”, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, იბსენის „პერ გიუნტი“, ბოკაჩოს „დეკამერონი“, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ და სხვა.
მამია მალაზონია სხვადასხვა ილუსტრაციის ავტორია შექსპირის, დანტეს, გოგოლის, ვიიონის, ნაბოკოვის, აპოლინერის ნაწარმოებებისათვის, ასევე ქართული და უცხოური ზღაპრებისათვის.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეში (საქართველო); ასევე, პუშკინის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის კულტურის სახელმწიფო მუზეუმში, ბახრუშინის მუზეუმსა და ერმიტაჟში (რუსეთი); კერძო კოლექციებში: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი...
თიბისი არტ გალერეაში მამია მალაზონიას ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 2018 წლის 3 აგვისტომდე შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები