დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში, დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები. მისი განცხადებითმ, აღნიშნული არის კატასტროფა, რადგან მდინარის ჭალაში მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია.
„არაერთი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, როცა ყველა ვთანხმდებით, რომ იქ მშენებლობები საშიშია, დეველოპერების მიერ შეტანილია მოთხოვნები, რომ გაიცეს სამშენებლო ნებართვები. ეს იქნება კატასტროფა ხეობისთვის. ამ დატვირთვას ხეობა ვერ გაუძლებს, არ შეიძლება იქ მშენებლობა. სამწუხაროდ, მოსახლეობასაც, გადაწყვეტილების მიმღებსაც და საზოგადოებასაც მახსოვრობის პრობლემა აქვს. რაც მოხდა წარსულში, ადამიანები მარტივად ივიწყებენ. ვერეს ხეობაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ფაქტიურად, ისევ გაიცემა ნებართვები და ხალხი ისევ ცდილობს მდინარის ჭალაში აწარმოოს განაშენიანება, რაც დაუშვებელია ყველა საერთაშორისო ნორმით“, - განაცხადა გოდოლაძემ.
გოდოლაძე გასცემს რეკომენდაციას გეოტექნიკური კვლელევის გამკაცრების მიმართულებით:
„გამოსავალი არის რეგულაციებში. გეოტექნიკური კვლევების ავტორებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აწერენ ხელს. უნდა მიმდინრეობდეს მათი საქმიანობის ლიცენზირება საერთაშორისო მექანიზმებით იმიტომ, რომ ნეპოტიზმს აქვს ადგილი ამ სფეროში, რადგან ყველა ყველას იცნობს. ერთმანეთის ხათრით არ საუბრობენ მოსალოდნელ პრობლემებზე. ის იმის მეგობარია, ის იმის ახლობელია და ერთმანეთს უმაგრებენ მხარს. ხმას არავინ არ იღებს და ყველა ყველაფერს აწერს ხელს. ასე არ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანს ასე გაგრძელება“, - განაცხადა გოდოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






