აქციაზე მისვლას პოლიტიკოსებთან ერთად გეგმავენ, ის შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც თვლიან, რომ "სისტემამ აბუჩად აიგდო".
ისინი ამბობენ, რომ ზაზასა და მალხაზთან ვერნაპოვნი სამართლიანობის ტკივილი აერთიანებთ. ამ ადამიანების ისტორია უმძიმესია.
წინა კვირას გამწარებული მშობლები პარლამენტთან სწორედ მათმა ტრაგედიამ მოიყვანა.
"გამწარებული დედა ვარ, 21 წლის გოგო მომიკლეს ქმრის ოჯახში. მე ვიცი, რა არის შვილის სიკვდილის სიმწარე. 15 თვეა სამართალს ვერ ვპოულობ. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ჩემი ერთადერთი შვილის მკვლელობას არ იძიებენ პროკურატურა აბუჩად მიგდებს"- განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა.
უმძიმესია მარინა ალდამოვის ისტორია. მისი თქმით, შვილი 2014 წელს, გლდანის ციხეში მოუკლეს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.
"სინამდვილეში ჩემი შვილი მორგში ჩაიყვანეს და აწამეს. წამებამდე ერთი დღით ადრე დამირეკა მიშველე, მკლავენო, ვერაფერი ვუშველე.
ადამიანებო, გამოფხიზლდით, ვიდრე სულ არ დაგვიხოცავენ სიმწრით გაზრდილ შვილებს!"- განაცხადა სახალხო ტრიბუნიდან ალდამოვმა.
განსაკუთრებით ემოციური იყო 16 წლის ათუკას დედის სიტყვით გამოსვლა.
ნათია გერგაძე ამბობს, რომ წელს მის შვილს სკოლა უნდა დაემთავრებინა, მაგრამ საფლავში წევს.
"16 წლის ბიჭი მომიკლეს, ჩემი ათულიკოს სისხლს არავის შევარჩენ! გულში ჩაარტყეს დანა. ბავშვი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მიატოვეს. თურმე იმასაც ყვიროდა, დედაჩემს დაურეკეთ ის მიშველისო.
სიმწრისგან ვგიჟდები, უსამართლობა კი უფრო მამწარებს. 17 წლისას უკვე შვილი მყავდა, მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული დამყავდა. ჩემო შვილი, ვიცი ზევიდან მიყურებ და და გეუბნები, რომ შენით ვცხოვრობ და ვსუნთქავ. ერთი თხოვნა მაქვს: წამიყვანე შენთან!"- თქვა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა.
ნანა მაისურაძის შვილი კოსტავას ქუჩაზე ჩაცხრილეს, გახმაურებული მკვლელობა ყველა მედიამ გააშუქა, თუმცა გამწარებული დედა აცხადებს, რომ დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუსჯიათ.
"სამართალდამცავებმა თქვეს, ძალიან მალე გავარკვევთო. იმის შემდეგ კვირა არ გავა, რომ არ მოვიკითხო, რაშია საქმე, მაგრამ ხმას არავინ მცემს.
როგორც კი გავიგე, რომ შვილმკვდარი მშობლები რუსთაველზე იკრიბებოდნენ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წამოვედი, გამწარებულ დედებს დასაკარგი არაფერი გვაქვს"- მიმართა ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილებს მაისურაძემ.
მარინა ცირეკიძეს შვილი ქორწილში მოუკლეს.
"მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა მკვლელი დღემდე არ დაუსჯიათ. არ ვიცი რა ვქნა, რა გზა ავირჩიო სიმართლის დასადგენად. მიხარია ზაზა სარალიძე, რომ გაგვიძღვა და ჩვენს ტკივილს ახმოვანებს. ეს ტკივილი წლებია გვაწუხებს" - ამბობს ცირეკიძე.
ლენა ბუცხრიკიძეც 3 წელია უსამართლობის გრძნობით ცხოვრობს. მისი შვილი 2015 წელს, ავტომობილმა, რუსთაველის გამზირზე გაიტანა.
"მომხდარიდან სამ თვეში საქმე თაროზე შემოდეს და თქვეს, ვერ ვიძიებთო. დიდ მადლობას ვუხდი ზაზა სარალიძეს, მან შეძლო ძალა მოეკრიბა და აქციები გაემართა, მე ეს ვერ შევძელი"- განაცხადა შვილმკვდარმა დედამ.
10 ივნისს მცხეთიდან თბილისში ჩამოსვლას აპირებს ლალი ბოტკოველიც. მისი თქმით, შვილი სამი წლის წინ მოუკლეს.
"სამართალი ვერსად ვიპოვე. ყველა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში . ჩვენ, შავ სამოსში ჩაცმულმა ადამიანებმა გავიმარჯვოთ"- აღნიშნავს ქალბატონი.
ზაზა სარალიძის მსგავსად, ია ბალიაშვილიც თვლის, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობენ.
"ჩემი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე 8 თვეა ვერ გავარკვიე. იმ ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს დაეჯახა მინიმალური სასჯელი გამოუტანეს. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილია, დამნაშავეს ვიღაც მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს. მინდა მივმართო, ნუ აფარებენ ხელს! როგორც მე გამამწარეს, სხვასაც ასე ნუ გაამწარებენ. ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ სიმართლე, მაინც ვერ დავადგინეთ.
მთელი გულით თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს, რადგან მეც ანალოგიურ დღეში ვარ. ვერ დავადგინე ვინ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელს"- აღნიშნა გარდაცვლილი ახალგაზრდას დედამ.
ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს 2012 წელს, არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა, თათია მექერიშვილიც.
"6 წელია სამართალს ვეძებ და ამ უსამართლო ქვეყანაში ვერ ვიპოვე. ვეძებ ჩემი შვილის მკვლელს მაგრამ ამაოდ. ამოვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი, ავიდნენ აქიდან!"- თქვა აქციაზე მისულმა მექერიშვილმა.
ზაზა სარალიძეს აქციების პირველივე დღიდან გვერდში უდგას სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალკაშვილის მამა.
"ადამიანებს კლავენ და გვეუბნებიან, არ ვიცით, ვინ არის დამნაშავეევიო. ჩემი შვილის საწოლში ჩაცხრილვა ასე მოკვლა არ აკმარეს და ტერორიზმში მონაწილეობა დააბრალეს. ჩემთვის ეს ბრალდება უფრო საშინელებაა, ვიდრე მისი სიკვდილი.
სუს-ს სჭირდებოდა ასე შეერაცხა, ჩემი შვილი ტერორისტი არ ყოფილა. ერთად დავდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მიაღწიოს სამართალს.
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ცუდისგან. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა სიმართლის დასამტკიცებლად"- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სოლიდარობის აქცია რუსთაველზე, 10 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია "სარკის" მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






