რადგან თამაში არაოფიციალურია და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბის ხილვა სურთ, ბორჯღალოსნების განაცხადში ორით მეტი, 25 მოთამაშეა. შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. არიან ისეთებიც, რომელთაც ბორჯღალოსანთა კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ.
ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში ახალგაზრდა გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ისევე, როგორც რაგბი ევროპის ბოლო ორ მატჩში, ფრთებზე სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილია.
ღერძს ვასილ ლობჟანიძე და რეზი ჯინჭველაშვილი შეადგენენ, რომელმაც ბოლოს ამა წლის თებერვალში, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. მთლიანობაში, ხაზის 7 მოთამაშიდან 6, 25 და ნაკლები წლისაა.
აზის მარქაფა შედარებით გამოცდილია - ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, ბექა წიკლაური და ვაჟა ხუციშვილი. ხუციშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს 1 წლისა და 4 თვის წინ, რაგბი ევროპაზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო.
კვაჭ შალვა მამუკაშვილს მხარში ბურჯები, გიორგი თეთრაშვილი და გიორგი მელიქიძე ამოუდგებიან. თეთრაშვილს ნაკრებში წელიწადზე მეტი, შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მელიქიძე წლევანდელ რაგბი ევროპაზე ოთხჯერ შევიდა შეცვლაზე.
მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ახალგაზრდა ოთარ გიორგაძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზი სრულად განახლებულია. შერკინების შემკვრელი მიხეილ გაჩეჩილაძეა, რომელმაც ნაკრებში წელს დაიმკვიდრა ადგილი და 5 კეპი მოიხვეჭა, ერთი ფლანკერი გურამ შენგელიაა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბელგიასთან, რამდენიმე წუთით ჰქონდა, ხოლო მოკლე ფრთაზე გიორგი ცუცქირიძეს ვიხილავთ, რომელმაც ბოლოს გერმანიის წინააღმდეგ, შეცვლაზე ითამაშა.
მორკინალების კეპების ჯამი 173-ია. 8 მორაგბიდან 10-ზე მეტი კეპი მხოლოდ ორმა - მამუკაშვილმა და ნემსაძემ მოიხვეჭეს. მეორეხაზელი გუნდს მეექვსედ უკაპიტნებს.
თადარიგშია ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომელმაც სანაკრებო მატჩი ბოლოს თითქმის 2 წლის წინ, სუვაში ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარა. მეორე ბურჯი ზურაბ ჟვანია, ხოლო კვაჭი გიორგი ჭყოიძეა.
მეორე ხაზში შეცვლაზე არიან შალვა სუთიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მათგან პირველს მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. შეცვლაზეა საბა შუბითიძე, რომელსაც ნაკრებში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.
წყარო site.rugby.ge
მასალის გამოყენების პირობები