ჩვენი დროით დილის ექვს საათზე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.
იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც, დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.
ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.
ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.
ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები