აზერბაიჯანული თეატრი ავარიულ შენობაში პრემიერებისთვის ემზადება.
ავარიული და ამორტიზებული შენობა, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობა და მთლიანად მოშლილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუშაობას ხელს არ უშლის. მსახიობები და ადმინისტრაციის წევრები, ამ თეატრის სიყვარულით, არ უშინდებიან რეპეტიციებზე სიარულს და ახალ სპექტაკლებზე ძირგამომპალ შენობაში სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობას.
თბილისის აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები, რომლებსაც მრავალი და მრავალფეროვანი როლები აქვთ შექმნილი, ფაქტობრივად მოხეტიალე შემოქმედებით ცხოვრებას ეწევიან, მართავენ გასვლით სპექტაკლებს-მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანში... მონაწილეობს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში. თეატრს, მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიზიც!
აზერბაიჯანული თეატრის თანამშრომლებს, წარმატებები და ახალი შემოქმედებითი რიტორიკა აძლევს ძალას, გამბედაობას და მოტივაციას იყვნენ ერთად და ერთსულოვანნი თეატრის აღორძინების საქმეში!
თეატრში, ამჟამად, ორ ახალ პიესაზე მუშაობენ. აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზს“ კობა სხილაძე დგამს, ხოლო სემა გიოქთაშის „ჯურღმულში“, ახალ სასცენო ინტერპრეტაციას დავით ნიკოლაძე წარმოადგენს. სპექტაკლებში, შეილა ჯაფაროვა, აიდა თაგიევა, ლეილა კასუმოვა, ფაზილ ბაირამოვი, აზერ ალიევი, ბინალი აკიპოვი, ანარ გუმბათოვი და ბათუჰან ერქუთი (თურქეთი), არიან დაკავებულნი. რეპეტიციები დილით და საღამოს მიმდინარეობს.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პრემიერები საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში გაიმართება. ახალ სეზონში კი ამ სპექტაკლებით, დასი, თურქეთის რესპუბლიკაში გასტროლსაც აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები