როგორც “სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ გვამცნო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა, ისევ ვადა დარღვევით, მაგრამ მაინც წარუდგინა.
ბ-ნი სალუქვაძის განცხადებით, დოკუმენტზე მერიას შენიშვნები სავარაუდოდ, აღარ ექნება, რადგან ყველა შესწორება დოკუმენტში მერიის თანხმობით და მოთხოვნით შევიდა. დოკუმენტში ძირეული, პრინციპებისა და გადაწყვეტების ცვლილება არ მომხდარა. მან ასევე დაანონსა, რომ ქალაქმა უნდა ჩაატაროს ყველა ის ძირეული კვლევა, რომლის საფუძველზე წესით და რიგით უნდა დგებოდეს რეალური გენგეგმა.
სალუქვაძის განმარტებით მერიასთან კონსესუსის საფუძველზე მოხდა ზონირების რუკის დაკორეტირება, თუმცა არ მიუთითებს რამდენად მოხდა ამ კორექტირების დროს იმ 20.000 კერძო მესაკუთრის ინტერესის გათვალისწინება, რომელთა საკუთრებასაც საფრთხეს უქმნიდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ფანქრით გაფერადებული უფლებრივი ზონირების რუკა.
ბ-ნი სალუქვაძე ასევე გვამცნობს, რომ გადაწყვეტილია რკინიგზის სატვირთო ხაზის გადატანის საკითხიც. შეგახსენებთ, რომ ეს ის საკითხია, რომელის მსგავს გადაწყვეტასაც ეწინააღმდეგება ექსპერტების უდიდესი ნაწილი და რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.
საინტერესოა კიდევ ერთი პასაჟი, თურმე ნუ იტყვით ქალაქი უახლოეს ხანში გამოაცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მასტერპლანთან დაკავშირებით. არადა სწორედ „სითი ინსტიტუტი“ გვიმტკიცებდა, რომ მათთმა გერმანელმა კოლეგებმა ეს სატრანსპორტო მასტერ პლანი უკვე გააკეთეს და ამაში მათ 1,4 მილიონი ლარი გადავუხადეთო.
რაც შეეხება 140 ათას ლარიან ჯარიმას, სალუქვაძე არ გამორიცხავს რომ ჯარიმის კანონიერებაზე სასამართლოში იდავოს.
ცნობისთვის, “სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა. გენგეგმის ჯგუფს მერიამ საბოლოო მე-6 ეტაპზე ერთი და იგივე საკითხები რამდენჯერმე დაუხარვეზა, რის გამოც, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 140 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.
რა მოხდა დღეს და როგორ უნდა აღვიქვათ ბ-ნი სალუქვაძის ფართოდ რეკლამირებული დღევანდელი განცხადება?
თუ ამ განცხადებით გაჟღერებული ინფორმაციის სანდოობას აპრიორი მივიღებთ აღმოჩნდება, რომ 3 წელი იმიტომ ელოლიავებოდა სალუქვაძე და კომპანია ამ დოკუმენტს, რომ მერე 1 თვეში დაეთმო ყველა „პრინციპული“ პოზიცია და მშვიდად გასცლოდა სცენას. ვღებულობთ წარმოუდგენელ ანომალიას - ჯერ შევქმენით 4 მილიონ ლარად ღირებულ უტოპიური დოკუმენტი და მერე ვაპირებთ მისი არსებობის გამართლებას ან არ გამართლებას არანაკლებ ძვირად ღირებული კვლევებით.
აღმოჩნდა, რომ 20.000 კერძო მესაკუთრემ ისევ არ იცის რა ბედი ეწევა მის ლეგიტიმურ მფლობელობაში მყოფ კერძო საკუთრებას. აღმოჩნდა, რომ გენგეგმა ისევ ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის ინტერესის წისქვილზე ასხამს წყალს და წამგებიან მდგომარეობაში ცდილობს ჩააყენოს საქართველოს რკინიგზა.
მოკლედ თუ ბ-ნი მამუკა სალუქავაძის ინფორმაციის უტყუარობას ვირწმუნებთ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ყველა ერთად, კარგად გაგვაბითურეს. ქუჩის აკადემიის ილეთი ჩაგვიტარეს - „პონტი“ შემოგვიგდეს, ორთქლი გამოგვაშვებინეს და მერე როგორც უნდოდათ ისე შეგვისრულეს. ამ სცენარით გამოდის, რომ ნარმანიას და სალუქვაძის კომპანიის დაწყებული „პონტი“ კალაძემ „დაანავაროტკა“, შინაარსი იგივე დატოვა, კარგი მერის როლი გაითამაშა და უახლოეს დღეებში ტაშის გრიალით, მისთვის სასურველი კონფიგურაციით მიგვაღებინებს განახლებულ გენგეგმას.
ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასეა და 1 ივნისს ყველას ერთად არ გაგვახსენდება ფრთოსანი ფრაზა ქართული კინო ფილმიდან: - „მოგვატყუეს მაკარ“!!!
ნუგზარ ჯალაღონია
მასალის გამოყენების პირობები






