პრინცესა დიანას სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის The Diana Award-ის ერთერთი ნომინაციის გამარჯვებული 17 წლის თბილისელი გიორგი შელეგია გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი იმარჯვებს."სადღაც ნახევარი წლის წინ, როდესაც გამოცხადდა The Diana Award-ის ახალი კონკურსის შესახებ, მე მასზე მეცნიერებისა და ინოვაციების ცენტრმა წარმადგინა," - აცახდებს შელეგია.
კონკურს The Diana Award-ის ორგანიზატორებმა გიორგი შელეგია იმის გამო აირჩიეს, რომ მას სურს თანატოლებს დაეხმაროს და მათთვის მისაბაძი გახდეს.
ცოტა ხნის წინ გიორგიმ მეგობარ ამირან აფციაურთან ერთად დააარსა "ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა კლუბი", რომლის მიზანიცაა დაინტერესებულ მოზარდებს საკუთარი იდეების რეალიზაციაში დაეხმაროს.

გიორგიმ თავისი ცენტრის მეშვეობით არაერთ ახალგაზრდას აღმოუჩინა დახმარება და რამდენიმე გუნდს მისცა საშუალება, რომ სხვადასხვა შეჯიბრებეში და კონკურსებში მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ მისი აზრით, პრინცესა დიანას კონკურსში გამარჯვება განაპირობა მის მიერ საპარლამენტო ინიციატივამ, რომლის თანახმადაც 18-წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და შეჯიბრებებში. ამ ინიციატივას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
"კანონის თანახმად, ჩვენი ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ კომერციულ საწარმოებს უხელმძღვანელონ, მაგრამ არ შეუძლიათ ორგანიზაციის დაფუძნება და იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებაზე ვერ დავრეგისტრირდით მშობლების გარეშე. ჩვენი ინიციატივის თანახმად, ახალგაზრდებს გაუადვილდებათ ამ ღონისძიებებზე და საგრანტო კონკურსებზე განაცხადის შეტანა," - ა ცხადებს შელეგია.
The Diana Award დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1999 წელს დაარსა, რათა გაგრძელებულიყო პრინცესა დაიანას საქმე, რომელიც ხელს უწყობდა და ახალისებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2006 წლის შემდეგ ფონდი დამოუკიდებელი გახდა და მას დიანას შვილები პრინცები უილიამი და ჰარი, ბიძასთან სერ ერლ სპენსერთან ერთად კურირებენ.
The Diana Award-ის გამარჯვებულებს შეუძლიათ ერთი წლის მონაწილეობა მიიღონ ფონდ Legacy Award-ის კონკურსში.ფონდი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წელს ეძებს მოზარდებს, რომლებიც ღირსნი იქნებიან ლედი დის კეთილი საქმეების გამაგრძელებლების სახელი ატარონ.
"Legacy Award ეს შემდგომი ნაბიჯია. ის 2 წელიწადში ერთხელ იმართება. მე მაქვს სტიმული, რომ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენო. ლონდონიდან მოსულ წერილში აღნიშნულია, რომ მე მალე გამომიგზავნიან გამარჯვებულის სერთიფიკატს. ასევე ჩემს შესახებ ინფორმაციასსოცქსელებსა და სხვადასხვა საიტებზე ინფორმაციას გაავრცელებენ. შეიძლება აქ, ჩემს სამშობლოში, ჩემი გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიება ჩაატარონ," - განაცხადა შელეგიამ.
გიორგი შელეგია არაერთი გამოგონების ავტორია. მან სხვა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს თავისი ენერგიით შეეძლებათ ტელეფონის დატენვა. ასეცე, შექმნა ჩაფხუტი და ქუდი, რომელიც ადამიანის თავის სითბოს მეშვეობით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მათი აზრით ეს კარგი საშუალება იქნება მშენებლებისათვის. ჩაფხუტი ასევე რაციის ფუნქციასაც შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






