ახლოვდება 1 ივნისი და ყველა დიდი ინტერესით ელოდება თუ როგორი იქნება თბილისის მიწათსრგებლობის განახლებული გენერალური გეგმა (მგგ). როგორც გახსოვთ ამ დოკუმენტის განხილვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და ბოლოს საქმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სიტყვიერ შეურაცყოფამდეც კი მივიდა.
ჩვენი ორგანიზაცია - „სახალხო თვითმმართველობა“ განახლებული მგგ-ს დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის აგვისტოში ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები სხვადასახვა დარგის პროფესიონალებთან, მოვისმინეთ უამრავი მოსაზრება და შენიშვნა მგგ-თან დაკავშირებით. ჩავატარეთ კონსულტაციები ამ საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რამოდენიმეჯერ მივმართეთ ღია წერილით თბილისის მერს ბ-ნ კალაძეს, ვაქვეყნებდით ამ თემასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში.
2018 წლის 1-2 მარტს და 3-4 მაისს ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა თბილისელების გამოკითხვა მგგ-ს შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობის შესახებ.
დაგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგვექმნას, იმაზე თუ როგორი არ უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
კერძო და საჯარო ინტერესების უგუველყოფა; მონაცემთა ბაზების, დარგობრივი კვლევების და რუკების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა; სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის აცდენა არსებულ სიტუაციასთან; განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირების, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთების არარსებობა და ა.შ. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ეს გახლავთ იმ კომპონენტების მცირე ნაწილის ჩამონათვალი, რომელთა არ გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ დღემდის წარმოდგენილ დოკუმენტში და სწორედ ამიტომ მას ვერ დავარქმევთ სახელად მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას.
თბილისის მერიის მიერ, მგგ-ს მონიტორინგისთვის მოწვეულ ცნობილ ფრანგ ექსპერტს ერიკ ჰიუბრეხტს მიაჩნია, რომ: - „მისი (მგგ-ს) დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია. იგი შეიძლება მიღებულ იქნას, საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტის სახით, როგორც იდეების ყუთი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია.“
აღსანიშნავია, რომ მგგ-ზე გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა იყო, რომ აღნიშული პროექტი უნდა ყოფილიყო საერთო თანხმობის დოკუმენტი.
სამწუხაროდ ბ-ნი ნარმანიას მერობის დროს ეს მოთხოვნა აბსოლიტურად იგნორირებული იყო. ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა სამეცნიერო დაწესებულებეში და პრეზენტაცია საკრებულოში. ეს იყო შეხვედრები შეხვედრების გულისთვის და არცერთი საგნობრივი შეკითხვა არ ყოფილა დასმული ამ შეხვედრების დროს. სრული იგნორი უკეთდება იმ ადამიანების ინფორმირებას და შეხვედრების მოწყობას, ვისაც უშუალოდ შეეხება ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა.
მიუხედავად იმისა, რომ მერიის ახალი ხელმძღვანელობა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მიუდგა მგგ-ს განხილვის საკითხს და ჩაატარა დოკუმენტის რამოდენიმე რეალური განხილვა, ეს აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მგგ გახდეს თბილისელების საერთო თანხმობის დოკუმენტი.
ეს რომ ასეა, ამას ჩვენს მიერ ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვაც ადასტურებს. გამოკითხვის დროს დასმულ შეკითხვაზე ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ 1 ივნისს უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება - რესპოდენტების 70%-ი პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებულია ამის შესახებ; ხოლო 30 %-ი კი არის ინფორმირებული. ხოლო გამოკითხული რესპოდენტების 78 %-ი შეკითხვაზე - იცნობთ თუ არა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარს და მის ძირითად პრიორიტეტებს - პასუხობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის; ხოლო გენერალური გეგმის შინაარს გაცნობილია რესპოდენტების 22%-ი.
როგორც თბილისის მერი ბ-ნი კალაძე დაგვპირდა მგგ-ს საბოლოო ვარიანტს 1 ივნისს ვიხილავთ და ამით დასრულდება 4 მილიონ ლარად ღირებული 3 წლიანი ეპოპეა დოკუმენტისა, რომელის კვალიფიციურობაში ეჭვი ეპარებათ როგორც ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტებს, ისე მერიის ხელმძღვანელობასაც. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ, დაიწუნა მგგ-ს წარდგენილი ვარიანტი, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება ან ეს დოკუმენტი უკეთესი იქნება მის წინამორბედზე. ინფორმაციის არ არსებობის გამო ვერც იმას ვიტყვით, რომ კალაძის მგგ უკეთესი იქნება „სითი ინსტიტუტის“ მგგ-ზე და ვერც საწინააღმდეგოს მტკიცებას დავიწყებთ.
ერთი რაც დარწმუნებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ თავდაპირველად წარდგენილი ვარიანტიდან ახალ დოკუმენტში დიდი არაფერი დარჩება და მიღებული იქნება კახა კალაძის გუნდის ხედვების მიხედვით კორექტირებული გენერალური გეგმა.
არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ და იმედს ვიტოვებთ, რომ 1 ივნისს მგგ-ს განახლებული ვარიანტის გამოქვეყნების შემდეგ, მომენტალურად, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე, არ მოხდება ამ დოკუმენტის საკრებულოში გადაგზავნა და მისი ნაჩქარევი დამტკიცება.
იმედია ქალაქის მერი ბ-ნი კალაძე უზრუნველყოფს ამ პროცესის საჯაროობას და მსგავსი მასშტაბური პროექტის მიღების პროცესში თბილისელების აზრიც იქნება გათვალისწინებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება განცდა, რომ ბ-ნი ნარმანიას მგგ-ს დაწუნება, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასში არ იყო ასახული ახალი ხელმძღვანელობის ინტერესები და შესაბამისად, ამ ინტერესების დოკუმენტში ასახვის შემდეგ, ქალაქის დღევანდელ მესვეურებიც ბ-ნი ნარმანიასავით, ყოველგვარი საჯარო განხილვების გარეშე, ეცდებიან მიიღონ ე.წ.“ თბილისი კონსტიტუციის“ კალაძისეული ვერსია.
გოგი ლორთქიფანიძე,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები






