უკვე მერამდენედ ერთიდაიგივე ადგილას და ერთიდაიგივე პერიოდულობით ჩნდება ხანძარი, რომლის პრევენციისთვის ამ ადგილის მეპეტრონეები მაქსიმალურ ზომებს იღებენ და ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ თავიდან აიცილონ „დაგეგმილი“ საფრთხე.
ბოლო 6 წლის განმავლობაში თბილის ხანძარი საკმაოდ გაუშინაურდა; ცეცხლი განსაკუთრებით კი სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ, ბაზრობებს ემტერება. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, საზოგადოებაში მუსირებს ვერსია, რომ ამ ე.წ. სტიქიურ უბედურებებს ეკონომიკური სარჩული უდევს, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ხანძარს, კონკრეტული ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით, ვიღაც მიზანმიმართულად აჩენს.
2012 წლიდან დღემდის თბილისის ბაზრობებზე 12 დიდი ხანძარი მოხდა და ყოველი შემთხვევის შემდეგ გაისმოდა ბრალდებები კონკრეტული ბიზნესინტერესების და განზრახ გაჩენილი ხანძრის შესახებ. რაც შეეხება გამოძიებას, არცერთი ხანძრის თაობაზე საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და შესაბამისად არც საზოგადოებას აქვს პასუხები ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით.
პროცესის ანატომიას თვალს თუ გადავავლებთ ეჭვი ხანძრების ხელოვნური წარმოშვების შესახებ არც თუ ისე უსაფუძვლოდ მოგვეჩვენება. ხანძრის კერები გარკვეული სიჯიუტით და პერიოდულობით ჩნდება კონკრეტულ ლოკაციებზე და არანაირად არ არის დამოკიდებული წელიწადის დროზე, რომ ხანძრის წარმოშვება ზაფხულის პაპანაქებას დავაბრალოთ. საინტერესოა ისიც, რომ ხანძრების პერიოდიკა 5-6 თვიანი ინტერვალით საკმაოდ პედანტურად ჩნდება და ყველა დამწვარ ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი და იგივე ნარატივია.
გამოდის ოფიციოზი აცხადებს, რომ ბაზრობა აუცილებლად აღდგება და მოვაჭრეები იქ დაბრუნდებიან, შემდეგ რიგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ შენობა-ნაგებობა ექსპლოატაციისთვის შეუსაბამოა და დემონტაჟს ექვემდებარება. გამორიცხული არაა, რომ ასეთი ლოკაციების ადგილი, დეველოპერების ინტერესის საგანიც იყოს, და მრავალსართულიანი კორპუსები წამოიმართოს, მით უმეტეს, რომ ასეთი ფაქტების წინაშე უკვე არაერთხელ დავდექით, ასეთ ადგილებში ხომ სამშენებლო ბიზნესის გაკეთება განსაკუთრებით მომგებიანია, შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე, სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ბაზრობაზე, ღამის 12 საათზე ახალი ხანძარი აგიზგიზდეს.
ბაზრობის მეპატრონეებს მშვენივრად ესმით, რომ რაც უფრო მეტად იქნება კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი, და რაც უფრო მეტად იქნება დაცული ხანძარსაწინააღმდეგო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მით უფრო კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის ასეთ ცენტრში ვიზიტი და აქ დასაქმებული მოვაჭრეების ქონებაც უფრო მეტად იქნება დაზღვეული ექსცესებისგან. აქედან გამომდინარე ისინი (მეპატრონეები), მიუხედავად უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, მაქსიმალურად ცდილობენ ამ კუთხით ყოველნაირად მოწესრიგებული ქონდეთ გარემო. თუმცა ეს მცდელობა ხშირად გაურკვეველი და გადაულახავი ბიუროკრატიული წინააღმდეგობის გამო წარუმატებელია, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ თვეების განმავლობაში ვერ მოხდა ნებართვის მიღება, რათა კონკრეტული ბიზნეს ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდეს სახანძრო ჰიდრანტები, მიუხედავდ იმისა, რომ ამ სისტემის მოწყობისთვის უკვე გადახდილია სოლიდური თანხები.
რეალობაში გვაქვს გადაულახავი ბიუროკრატიული და პოლიტიკური წინააღმდეგობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთნაირი ყველა ასეთი ტიპის ბაზრობებისთვის. ქალაქის ხელმძღვანელობა ვერ ან არ ახერხებს შეიმუშაოს თამაშის ერთნაირი წესები ყველა მსგავსი ბიზნესისთვის. დაწესდეს განაშენიანების ერთიანი სტანდარტი, რომელსაც დაექვემდებარება ყველა სავაჭრო ცენტრი და მიეცეს მესაკუთრებს ამ სტანდარტის მიხედვით განვითარების საშუალება.
სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება და ქალაქის მესვეურებს უკვე 3 წლის განმავლობაში „თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალურ გეგმის“ დოკუმენტის არ არსებობა მოყავთ მიზეზად, თუმცა ამ დოკუმენტის უკიდურესად არაკავლიფიციურობის გამო, არც მისი მიღების შედეგად უნდა ველოდეთ რაიმე ხეირიანს ბიზნესის განვითარების კუთხით.
დრო გადის და ბიზნესს არა აქვს სტაბილურობის განცდა და არ იცის რა მომავალი ელის მას, შესაბამისად მის გარშემო არსებული ვითარებაც იძაბება: - ვერ ხდება დაგეგმილი ბიზნეს პროექტების განხორციელება, გარბიან ინვესტორები, ბანკები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ შემდგომ დაკრედიტებას, იზრდება დასაქმებულთა უკმაყოფილება ქალაქის ხელმძღვანელობის უმოქმედობაზე და პერმანენტულად ჩნდება „დაგეგმილი“ ხანძრები.
ამ მოცემულობაში, სხვა რა უნდა ვიფიქროთ თუ არა ის, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული ქმედებები კონკრეტული ბიზნეს ლოკაციებიდან მესაკუთრეების გაძევების მიზნით, სხვა რომელიღაცა დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფის სასარგებლოდ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ თბილისის წინა ხელისუფლებების მიერ გახორციელებული მანკიერი პოლიტიკის ინერციის შედეგებია და ქალაქის ახალი მერი, უმოკლეს დროში მოიცლის ამ საკითხების გადაწყვეტისთვის.
გასაგებია, რომ დედაქალაქში სხვა უამრავი პრობლემაც არის, მაგრამ როგორც ბოლო ხანძრის დროს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მოვაჭრემ თქვა: „მას აქ მთელი ცხოვრება აქვს ჩადებული“ და ათასობით ადამიანების ცხოვრების ბედის უგუველყოფა არანაირად არ მოიტანს კარგ შედეგს.
ბიზნეს ხანძრების თბილისური ქრონოლოგია:
2012 წლის 15 ნოემბერი ხანძარი ლილოში - განადგურებულია 450 კვ.მ. ფართობი. ზარალმა ნახევარ მილიონს მიაღწია.
2013 წლის 26 თებერვალი. ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში. 5 ათას კვადრატულ მეტრზე 100-ზე მეტი მაღაზია განადგურდა.
2013 წლის 17 ივლისი, ხანძარი თბილისის აკვაპარკში, ხანძარი აქაც ღამით გაჩნდა.
2014 წლის 16 სექტემბერი, დაიწვა ეგრეთ წოდებული ბოშათა ბაზარი. ცეცხლი 2500 კვ. მეტრზე გავრცელდა. დაიღუპა 3 ადამიანი.
2015 წლის 21 იანვარი ხანძარი ისნის ბაზრობაზე. განადგურდა 25 მაღაზია.
2015 წლის 4 აგვისტო ხანძარი ელიავას ბაზრობაზე. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. დაიღუპა 2 ადამიანი.
2017 წლის 30 იანვარი - ხანძარი „ბავშვთა სამყაროს“ სავაჭრო ცენტრში. შენობა მთლიანად დაიწვა.
2017 წლის 2 ივლისი - ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. დაიწვა ავტონაწილების ბაზრობის 2 სექტორი.
2018 წლის 27 თებერვალი - ხანძარი სვაჭრო ცენტრ „თერგის“ ტერიტორიაზე, დაზარალებულია 240-ზე მეტი მოვაჭრე
2018 წლის 4 მარტი - ხანძარი სასაწყობე ტერიტორიაზე სამგორში, ისნის მეტროსთან, დაიწვა ხის საამქროს ერთსართულიანი საწყობის შენობა (2000 კვ.მ).
2018 წლის 18 მაისი - თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, დაიწვა შპალერის მაღაზია -დამწვარია 120 კვ.მ. ფართი.
ნუგზარ ჯალაღონია
მასალის გამოყენების პირობები






