– გენგეგმის პროექტს მეოცე საუკუნის დოკუმენტი უწოდეთ. რატომ ვერ პასუხობს ის ოცდამეერთე საუკუნის ქალაქის გამოწვევებს?
– ჩემი აზრით, თვითონ პროცესი მიდის არასწორად. მართალია, დამატებითი ვადა დაითქვა სასტუმრო „ბილთმორში“ გამართული დისკუსიის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ არავინ გამოსულა კონტაქტზე და არ მოუთხოვია შეხვედრა, რომ კონსტრუქციულად, ჟურნალისტების გარეშე გვემსჯელა ამ საკითხზე და ჩვენი შეთავაზებები გვეთქვა.
რაც შეეხება თვითონ გენგეგმის შინაარსს: ეს არის სტანდარტული, ჩვეულებრივი გეგმები, რომლებიც, თუ წარსულს გადავხედავთ, ბევრი გვქონია. მაშინ, როდესაც თანამედროვე ქალაქებში უკვე გამოიყენება ინოვაციური მეთოდები იმ უამრავი პრობლემის გადასაჭრელად, რომლებიც ქალაქის წინაშე დგას. იქნება ეს სატრანსპორტო, გარემოს დაცვითი, გამწვანების თუ სხვა მიმართულებები. მაგალითად, იმ ათი ურბანული ინოვაციის შესახებ ინფორმაციას უცებ ამოგიგდებთ ინტერნეტი, თუ დაძებნით საძიებო სისტემაში. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდები: სამშენებლო მონიტორინგით დაწყებული და გამწვანების მონიტორინგით დამათრებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში ჰაერი საშინლადაა დაბინძურებული და დიდ ქალაქებში იპოვეს ასეთი ინოვაციური გამოსავალი – სადაც დიდი დაბინძურებაა, მოაწყვეს მწვანე გაჩერებები, რომლებიც სწრაფად შთანთქავს დაბინძურებულ ნაწილაკებს. აი, ამაზე უნდა იყოს საუბარი გენგეგმის პროექტში
– მამუკა სალუქვაძე, გენგეგმის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი კითხვაზე, როდესაც პროექტი აწესებს აქა და აქ სკვერებისა და ბაღების მოწყობას, ეფუძნება თუ არა კვლევებს, რადგან უნდა გფამწვანო იქ, სადაც საჭიროა და არა იქ, სადაც საშუალებაა, პასუხობს, რომ კვლევების ჩატარებას მათგან არ ითხოვდა დავალება და რომ ეს დაჯდებოდა ძვირი. თუმცა „მწვანე ქალაქი“ არის გენგეგმის ერთ-ერთი „მესიჯი“.
– რა თქმა უნდა, თუ დეტალურად არ შეუსწავლიათ და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული არც ერთი კვლევა არ უნახავთ, ეს პრობლემა როგორ უნდა გადაწყვიტონ? ზოგადად რომ ვთქვათ, სადღაც მშენებლობაზე უარი ვთქვათ და სკვერი გავაშენოთ კვლევის გარეშე, კოსმეტიკური გადაწყვეტილებაა, რაც არ ნიშნავს პრობლემის. სისტემურ გადაწყვეტას. რას ვგულისხმობ სისტემურ გადაწყვეტაში: ზუსტად ვიცი, რომ 25 000 დოლარი ჯდება მწვანე გაჩერების მოწყობა, რომელიც შთანთქავს აი, ამ დაბინძურებულ ნაწილაკებს და გამოყოფს მეტ ჟანგბადს და შეიძლება, ჩვეულებრივი გაჩერებების ნაცვლად ისინი დადგეს.
– ანუ ბუნებრივი გამწოვები.
– დიახ, 150-200 ცალი. მაგალითად, თბილისში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის მხოლოდ ხის დარგვა. ხე უნდა დავრგოთ, მაგრამ მის გაზრდას წლები სჭირდება, სანამ ის ჟანგბადის გამოყოფას დაიწყებს. ათ წელს უნდა ვიცადოთ? არ უნდა ვისუნთქოთ თუ როგორ მოვიქცეთ, სანამ ხეები გაიზრდება?! თანამედროვე მიდგომა ინტეგრირებულია და ერთი გადაწყვეტილებით ვჭრით რამდენიმე პრობლემას. მაგალითად, გვჭირდება გაჩერება, გადასასვლელი, გამწვავნება, ტრანსპორტი. სისტემური მიდგომისას ყველა ამ კომპონენტს ისე აწყობ, რომ ერთმანეთს ეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში. ვთქვათ, გასაკეთებელია ავტობუსის გაჩერება, მიწისზედა გადასასვლელიც, არის ეკოლოგიური პრობლემაც. ჩვეულებრივს თუ გავაკეთებ, დამიჯდება 10 000 დოლარი, მაგრამ, თუ დამატებით რაღაც პრობლემას მიწყვეტს, ჯდება 15 000. აი, ამაზე ვლაპარაკობ.
ამას გარდა, გენგეგმის პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები ინეტერნეტი. თითქოს ტექნოლოგიები არ გვჭირდებოდეს. არადა ვლაპარაკობთ ტურიზმის განვითარებაზე, რომ ქალაქში იზრდება ტურისტების ნაკადი. ტექნოლოგიებზე წვდომა აუცილებელია როგორც ქალაქის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტისთვის. არის უკვე შესაბამისი თანამედროვე მექანიზმი, რომელიც გაფათოებულ რეალობებს ქმნის კონკრეტულ ქალაქებთან დაკავშირებით. იქმნება სწრაფი ინტერნეტის წერტილები. ისე ხომ არ უნდა იყოს, როგორც დღესაა „თბილისი ლავზ იუ“?!
– ერთია, რომ არ მუშაობს და მეორე, რომ ილუზიას ქმნის, რომ ინტერნეტი არის, თუ „ვაი ფაი“ ჩართული დაგრჩა.
– დიდი ქალაქების პრობლემაა სწრაფ ინტერენტზე ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ საშინელი დისკომფორტია ტურისტისთვის უინტერნეტობა, რადგან ტურისტი არ იცნობს ლოკალურ ქსელებს. ამდენად, როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარკობთ, მაქსიმალურდა უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.
ამასთან, გენგეგმის პროექტში უნდა იყოს უბნების პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტის სქემები, რომ განიტვირთოს ქალაქის ცენტრი. ჩვენ გვაქვს საძილე და სამუშაო რაიონები, ამიტომაც დღის განმავლობაში სატრანსპორტო ნაკადები მოძრაობს საძილე რაიონებიდან სამუშაო რაიონებისკენ, საღამოს – პირიქით.
– უკვე გვაქვს სამედიცინო რაიონიც, დიღომში, სადაც კონცენტრირებული დიდი კლინიკები, მისასვლელი გზა ვიწროა და გარდა შაუაღამისა სულ საცობებია.
– დიახ, ესეც არის პრობლემა. ისეთი დიდი რაიონების, როგორებიცაა: გლდანი, მუხიანი, თემქა, ნაძალადევი, ვაზისუბანი, ვარკეთილი, შიდა განვითარების მექანიმზებზე უნდა იყოს საუბარი, რამაც ეკონომიკა უნდა განავითაროს. კონცეპტუალურად მაინც უნდა იყოს ეს განხილული გენგეგმის პროექტში. ქალაქი უნდა განვითარდეს თანაბრად. მაგალითად, აფრიკის დასახლება მოწყვეტილია ქალაქისგან. იქიდან მოსახლეობა მიდის ქალაქის ცენტრისკენ, სადაც მუშაობს საღამოს და საღამოს ისევ ბრუნდება, რაც საშინელი დისკომფორტია. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ თავკომბალები აღარ გვქონდეს ქალაქში.
– გენგეგმის პროექტი გულისხმობს ახალი მაგისტრალის, მტკვარზე ათი ხიდის მშენებლობას, ოღონდ სატრანსპორტო კვლევის გარეშე და გვპირდებიან, რომ ეს განმუხტავს მოძრაობას.
– ამოცანა ის ხომ არ არის, რომ გზა გავაკეთოთ, არამედ ის, თუ რისთვის გვჭირდება ის გზა. რაც შეეხება ახალ ესტაკადებსა და ხიდებს, მე ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რადგან, თუ გავეცნობით ახალი ქალაქების განვითარების ნებისმიერ კონცეფციას, ვნახავთ, რომ, როდესაც ასი მილიონი ჯდება ესტაკადა, იმ ას მილიონად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთ სქემებს გააკეთებ, რომ ადამიანებს მოტივაციას შეუქმნი, გადმოსხდნენ მანქანებიდან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ამის ნაცვლად აშენებ ესტაკადებს, ესე იგი, მოტივაციას აძლევ ყველას, რომ მანქანა იყიდოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩქაროსნული გზების მშენებლობით შექმნეს მოტივაცია, რომ, რაც შეიძლება, მეტი მანქანა ეყიდათ ოჯახებს. ახლა კი პარკინგის ფასების აწევითა და ცენტრში გართულებული მოძრაობით, იქაც აქცენტი კეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და არა ესტაკადების მშენებლობაზე. ვთქვათ, ბარსელონაში დიაგონალის ქუჩას იმიტომ კი არ კეტავენ, რომ ჩვენზე ნაკლები ეკონომიკა აქვთ ან უფრო ნაკლები მანქანა ჰყავთ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სიმწვანე, ფეხით სიარული იყოს პრიორიტეტული და ასე შემდეგ.
– უცხოელი ექსპერტებიც, რომლებმაც შეისწავლეს გენგეგმის პროექტი, ამას ამბობენ: ახალი გზა ნიშნავს მეტ ავტომანქანას.
– ნებისმიერი გეგმა რომ დგება, ჯერ უნდა განისაზღვროს, რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს. როგორი იქნება თბილისი, ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ? აქედან ამოვდივართ და ამაზე ვაწყობთ ყველაფერს. კონსალტინგში ვმუშაობ, სამი ოფისი მაქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ნებისმიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დაწყებისას, ვიღებ კონტრაქტს და პირველი, რასაც ვეუბნები, არის ის, რომ უნდა შევთანხმდეთ ხედვაზე, მიზამზე. აქედან გამომდინარე, ვთავაზობ იაფ და თანამედროვე გადაწყვეტებს, რომლებიც ამ მიზანს მიაღწევინეს. აი, ეს მიზანი არ ჩანს ამ დოკუმენტში.
– გენგეგმის ჯგუფს საპირისპირო პოზიცია აქვს: ისინი არ ითვლიან, ეს რა დაჯდება. თქვენც ამბობთ და რაც მე წამიკითხავს გენგეგმის პროექტი, აშკარაა, რომ ის ვერ პასუხობს თბილისის წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, თქვენ ეთანხმებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ეს დოკუმენტი მაინც უნდა მიიღოს მერიამ. რატომ უნდა მივიღოთ ის, რაც არ ვარგა?
– იმ უწესრიგობაში, რაც დღეს გვაქვს ქალაქში, ანუ არაფერი გვაქვს, თამაშის რაღაც წესების გაჩენა არის მნიშვნელოვანი.
– ცუდი თამაშის ცუდი წესების გაჩენაც, რაც არ გამოადგება ამ ქალაქს?
– იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ვერ იქნება. დღეს არაფერი გვაქვს.
– ძველი გენგეგმა გვაქვს, 2009 წლის, რომლის განახლებული ვარიანტიც არის გენგეგმის ეს პროექტი.
– მეც მაგას ვამბობ, ამ პროექტში რაღაც მიკროამოცანები მაინც არის გადაჭრილი. იგივე სიმჭიდროვის კოეფიციენტებთან დაკავშირებით. ამ წესების მიუღებლობა კი ნიშნავს იმას, რომ ახალი დაშენებებიც შეიძლება, იყოს, მიშენებებიც და გადაშენებებიც.
– სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კოეფიციენტები არც თუ მართებულადაა მინიჭებული.
– ამიტომაც ვამბობ და მერიას იმ შეხვედრაზეც შევთავაზე, რომ ჩაბარების ვადა გადავწიოთ, პრობლემური საკითხები ამოვიღოთ და ისე დავამტკიცოთ დოკუმენტი. იმიტომ რომ სადავო საკითხებზე მეტი მუშაობაა საჭირო. მათ ვადა გადაწიეს, მაგრამ საჯარო შეხვედრა არ გამართულა. მე რომ მქონდრს მერიის მენეჯმენტის იმედი, რომ მათ აქვთ უნარი, შეიმუშაონ იმ ტიპის გეგმა, რომელიც სჭირდება ქალაქს, უარს ვიტყოდი დოკუმენტის მიღებაზე, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ მერიას არ უნდა ამ დოკუმენტის მიღება, რათა ფული გაკეთდეს სამშენებლო ნებართვების გაცემაში.
– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის თუ იქნება, ეს არის ოპტომალური ვარიანტი. რომ არ ვარგა, ასეთი ძველი გენგეგმაცაა, მოქმედი ანუ.
– ძველმა მოგვცა ქაოსი და ძველი არ ჯობია.
– მე არ მითქვამს, რომ ჯობია, თუმცა, ამბობენ, რომ იმ ძველის შექმნაზეც ეს ჯგუფი მუშაობდა, სრულად არა, მაგრამ ძირითადად.
– რაღაც სიახლე ხომ უნდა შემოიტანონ ქალაქში?!
– მეტ ქაოსს არ გამოიწვევს, რაღაც ნაწილის მიღება, რომელსაც არ ეთანხმებიან სპეციალისტები, იმ კოეფიციენტებსაც, რომლებიც თქვენ ახსენეთ.
– უფრო მეტ ქაოსს არ გამოიწვევს, დოკუმენტი სამშენებლო მიმართულებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მე გამიტარებია რეფორები და იუსტიცის სახლი ერთი დოკუმენტით არ აგვიშენებია. მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა. პირადად მე ამას გადავწყვეტდი მარტივად: ჩამოვთვლიდი, რომელ საკითხებს სჭირდება დამატებითი მუშაობა და კონცეპტუალურად ახლებურად გააზრება. დავატკიცებდი დანარჩენ პუნქტებს და გამოვყოფდი დამატებით დაფინანსებას თითოეული სადავო საკითხისთვის. მოვიწვევდი პროფესიონალთა ჯგუფებს და ყოველთვიურად ახალ-ახალ პუნქტებს დავამტკიცებდი. დღეს უკვე დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. აღარ არის ძველებურად: ჯერ დავწერე, მერე განვახორციელე. მაგრამ ამ მეთოდოლოგიას ცოდნა უნდა. ჩვენ ყველანი, მათ შორის, მეც ზეპირად ვლაპარაკობ, ურბანისტიკა ხომ ჩემი სპეციალობა არ არის?! უბრალოდ მენეჯმენტი ვიცი და ვხედავ ხარვეზებს. ჩემი მიზანია, მოვიზიდო ის ტვინები, რომლებმაც იციან ურბანისტკა, შევქმნა კონკურენცია და ჩემი საქმისთვის საუკეთესო ვარიანტი ავიღო. ეს ფუნქცია ვიღაცამ უნდა იტვირთოს მერიაში, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ეს იცოდნენ.
ანა ლეჟავა
მასალის გამოყენების პირობები






