იყო დრო, როდესაც თემურ მეტრეველს გაათავისუფლებდნენ გაზეთის რედაქტორობიდან: ჩემი სტატიის დაბეჭდვისათვის. და ეს: 90-იან წლებში.
ის კი არა, სულაც მიუხურავდნენ იმ გაზეთს - “მოქალაქე”, რაკიღა დემოკრატიის პირობებში არ წაადგებოდათ ასეთი უხეში ჩარევა რედაქციის ცხოვრებაში: რედაქტორის ასე პირდაპირ მოხსნა. რედაქცია კი რეორგანიზაციის მოსაბაბებით შეწყვეტდა არსებობას - ვითომდა დროებით...
ასეა თუ ისე მე შემეწირებოდა რედაქტორის თანამდებობა.
ეგაა მიამიტურად მეგონა, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდებოდა.
მაგრამ... აი შეიცვლებოდა თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ქავთარაძის ნაცვლად მოვიდოდა მხატვარი და... ეს ახალი ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი საქმიანობას იმით დაიწყებდა, რომ მოხსნიდა გურამ ბათიაშვილს ჟურნალის - “თეატრი და ცხოვრება” - რედაქტორობიდან, ბრალად კი წაუყენებდა... ნოდარ გურაბანიძისა და თქვენი მონა-მორჩილის ნარკვევების გამოქვეყნებას. ჩემს გამო სულაც აღშფოთებას ვერ დაფარავდა: რა უნდა ამ ყაიდის მასალას ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეო.
ისე ხმა არ ამომეღება:
მართლაც რატომ უნდა მოხვედრილიყო ამ სახელწოდების თხზულება - “აკაკი წერეთლის თეატრი” “თეატრი და ცხოვრების” ფურცლებზე - რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთთან!..
ჩემს ნარკვევს, რომელიც ერთი თავია ბიოგრაფიული რომანისა აკაკი წერეთელზე: “ხან მიწისა და ხან ცისა”, ბოლოში მიწერილი ჰქონდა: დასასრული შემდეგ ნომერში.
მაგრამ დაპირებას შესრულება არ ეწერებოდა და დასასრულს - დაბეჭდვა. გამოვიდოდა ახალი ნომერი და... ჰაერში დარჩებოდა გამოკიდებული ის მინაწერი.
სწორადაც მოიქცა ახალი რედაქტორი დავით ანდრიაძე - აბა ერთი ნომრის გამოშვებასა და იმ დასასრულის გამოქვეყნებას ხომ არ უნდა გადაჰყოლოდა?!.
ის კი არა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციასაც მკაცრად უსაყვედურებდნენ იოსებ ჭუმბურიძისა და ჩემი ნაწერების ბეჭდვას - ეს უკვე არჩილ იოსელიანი, და რაც ყველაზე დამაფიქვრელია: დაამუნათებდათ დემოკრატიისა და სამართლიანობის სახელით. ეს ბატონიც თავმჯდომარე ბრძანდება, ოღონდ ვერ გავერკვიე - და თვითონაც ვერ გარკვეულა - პარტიისა თუ კავშირისა.
კიდევ კარგი მის ხელთ არ არის “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქტორის მოხსნა-დანიშვნა.
და კიდევ ქუთაისის ლიტერატურულ ჟურნალის - “მწვანეყვავილა” - რედაქციასაც აიკლებდნენ ჩემს გამო: რატომ ბეჭდავთო?!. და ისე გააბეზრებდნენ, რომ რედაქტორი გიზო თავაძე იძულებული გახდებოდა საჯაროდ გადამფარებოდა და არ შეპუებოდა რედაქციის “კეთილისმსურველებს”, ისინიც რაღაც-რაღაცების თავმჯდომარეები რომ იქნებოდნენ, მაგრამ მისი ბედის გადამწყვეტნი კი არა:
მისი ჩანაწერების ციკლში “ზოგი რამ” უშუალოდ ამ სათაურით - “აწიც დავბეჭდავ!..” - გამოქვეყნებული ერთ-ერთი პუბლიცისტური მინიატურა იმ გამჭვირვალე ქვეტექსტსაც ამჟღავნებდა, რომ: ეს რედაქცია საერთოდაც არ მოითმენს - მითუმეტეს დემოკრატიის სახელით - მისთვის სასურველი ავტორების ჩამოშორებას (“მწვანეყვავილა”, 2018, #1).
გაუცუდდებოდათ ნახტომი და ძალიანაც გაუცუდდებოდათ, რაკიღა გადაულახავ ბარიერს წააწყდებოდნენ, თორემ ისიც მაგონდება და ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ამიკრავდნენ გუდანაბადს “ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებიდან 90-იან წლებში. ვერ ვიტყვი, რომ მთლად იოლად დაიყაბულებდნენ რედაქტორს, მთელი თავიანთი დემაგოგიური და ცილისმწამებლური უნარის მოშველიებაც დასჭირდებოდათ, და კიდეც...
თუმც აღარ ღირს ზედმეტი ჩაღრმავება... მითუმეტეს მთელი წიგნი მაქვს დაწერილი ცხელ კვალზევე: “ოტარიდი”: მიზნები, ამოცანები, კრახი”.
ნეტა თეატრის მოღვაწეთა კავშირის ჟურნალის რედაქტორი მაინც არ გაეთავისუფლებინათ ჩემი გულისათვის და ჩემი ნაწერების დაუბეჭდაობას ავიტან როგორმე!..
მაშინ რას ვიფიქრებდი, თორემ ახლა კი ვხვდები, რომ “თეატრი და ცხოვრების” სპეციფიკისათვის სრულიად შეუფერებელი მასალა არ უნდა წარმედგინა და არც გურამ ბათიაშვილი ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში, თორემ მართლაც სად ეს ჟურნალი და სად “აკაკი წერეთლის თეატრი”.
და ახალ გათავმჯდომარებულმაც რა იღონოს, თუკი დემოკრატიულ პროცესებს თვითონვე აქვს ეს შეუვალი მოთხოვნა ჩემს მიმართ.
ერთი შეკითხვა კი გამიჩნდა ბატონ გეგეჭკორთან...
თუმც რა მეჩქარება, შეკითხვის დასმას ყოველთვისაც მოვასწრებ, თუკი “შემდეგ ნომერში” დასრულების საშუალებაც მექნება.
ისე კი ლამის ჰამლეტურ ყოყმანში ჩავვარდე:
ბეჭდვა?.. არბეჭდვა?.. საკითხავი აი ეს არის!..
როსტომ ჩხეიძე
მასალის გამოყენების პირობები






