ხელვაჩაურში ადგილობრივ ფერმერებთან აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპის მიმდინარეობაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა; გარდა ამისა, პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის კოორინატორებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი კულტურების ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს.
რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებთან მუშაობს პროგრამის რეგიონის მობილიზატორი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.
პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის გარდა.
პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






