ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი პირია მხილებული.
არსებული ინფორმაციით, აქედან ერთი, ორი თვის წინ სოფელ შემოქმედში მდებარე მარკეტში ხელყუმბარის შეგდების ფაქტზე იყო დაკავებული, თუმცა ის მალევე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.
მეორე კი, სოფელ ბახვში მცხოვრები პირია.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ქურდობის ფაქტზე ორი პირია მხილებული და გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სოფელ ცხემლისხიდში 85 წლის იური მშვიდობაძე გაქურდეს.
მშვიდობაძეს ავტოფარეხიდან „ოპელის“ ფირმის ავტომობილი მოპარეს.
ომეზობლების თქმით, ქურდობა ღამის საათებში მოხდა.
სახლში 85 წლის მოხუცი მარტო ცხოვრობდა და მას არაფერი გაუგია.
მეზობლების თქმით, ავტომანქანის გარდა წაღებულია პლაზმური ტელევიზორი და წყლის საქაჩი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში მომხდარი მეორე შემთხვევაა, რამდენიმე დღის წინ სოფლის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა მომსახურეობის ცენტრი დააყაჩაღეს, პენსიის რიგში მდგომი პენსიონერები სცემეს, ერთს კი მანქანა გასტაცეს და მიიმალნენ.
მასალის გამოყენების პირობები