"პირველ რიგში ქართველ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. მათ, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდით გვედგა. ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა და არცერთი თანამდებობა. ჩვენი წარმატება და ტიტულები საქართველოს პოპულარიზაციისათვის და კეთილდღეობისათვისაა მომართული.
საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომით და სხვა მრავალი მიმართულებით. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტის სახეობისათვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
მისი მმართველობის პერიოდში, ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობით და შედეგებით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასოდეს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც შედეგები მოაქვს სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიცია საქართველოში. დიდი ხანია, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდსესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისაგან და გვსურს, რეალური ცვლილებები ფედერაციაში."- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები