5 ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები კონკურსის წლევანდელ პარტნიორს „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელ კომპლექსს „დირსს“ ეწვივნენ, ინფრსატრუქტურა დაათვალიერეს და კომპლექსის მაკეტს გაეცნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსანტებს ფინალური დავალება მისცეს, რომელსაც კონკურსანტები ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად „დირსისთვის“ შექმნიან.
„ას ჯორჯია დირსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ქეთევან ფაჩულიას თქმით, ფინალური დავალება „დირსის“ ზაფხულის ქალაქის კონცეფციას ეხება. „ზაფხულში „დირსში“ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ. ძალიან გვინდა, ამასთან დაკავშირებით სტუდენტების კრეატიული იდეები მოვისმინოთ. ასევე ვპირდებით მათ, რომ ჩვენი პარტნიორობით ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იქნება. გვინდა, რომ ჩვენთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს,“ - აღნიშნა „ას ჯორჯია დირსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პროცესში ფინალისტები სპეციალურად მათთვის მომზადებულ სემინარებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაესწრებიან. თსუ პროექტების მენეჯერის ნინო კალანდიას თქმით, ივნისის დასაწყისში კონკურსანტები ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარდგებიან და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. „პირველ ტურში ძალიან საინტერესო პროექტები შემოვიდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები მეორე ტურშიც მაქსიმალურად გამოავლენენ შემოქმედებითობას. ყველას, ვინც მსგავს პროექტებში იღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს კომპანიის შიდა სამზარეულოს, დასაქმდეს ან დასაქმების პერსპექტივა გაზარდოს; ამასთანავე, მიიღოს ფულადი პრემია და საჩუქრები,“ - აღნიშნა თსუ ნინო კალანდიამ.
ფინალური ტურის ბოლოს ჟიური 3 საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომლებსაც პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები გადაეცემათ:
I ადგილი -2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსის მონაწილე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნუცა ჟღენტი აღნიშნავს, რომ „მისია 2018“ არის ძალიან კარგი გამოცდილება სტუდენტებისთვის: „აღნიშნული პროექტი თითოეული სტუდენტისთვის არის ძალიან კარგი შანსი და შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები გამოავლინონ, პრაქტიკული თვალსაზრისით გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება და ეს იდეები კონკრეტულად „დირსის“ პოპულარიზაციის კონცეფციას მოარგონ.“
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 56-მა გუნდმა მიიღო. შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან.
მასალის გამოყენების პირობები