თიბისი გალერეა ქართველი ხელოვანის - ოლესია თავაძის გრაფიკული სერიის გამოფენას - „ჩემი რობერტ ფროსტი“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თიბისისა და გამომცემლობა „სეზანის“ ერთობლივი პროექტით გამოიცა.
გალერეაში გამოფენილი 50-ზე მეტი ნამუშევარი 2015-2017 წლებშია შექმნილი და მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. ამ ძიებათა ეპიცენტრში მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი - რობერტ ლი ფროსტი აღმოჩნდა. პოეტ-ფილოსოფოსს, რომლის შემოქმედება ადამინაური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულაბას ეხება, მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
წარმოდგენილი ნამუშევრები, ჟანრობრივად, ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. არსობრივად კი გრაფიკული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი ამ ნაწარმოებების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. არაორდინალური მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი ამობობს: „ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს... ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია. საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო.“
მხატვარი და მწერალი ოლესია თავაძე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ილუსტრირებული აქვს არაერთი სადიდო თუ საბავშვო წიგნი. ქმნის ხელნაკეთთოჯინებსა და საავტორო კოსტიუმებს. მისმა საბავშო წიგნმა “Bursunsul and Paskualina” 2007 წელს საგამომცემლო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” გაიმარჯვა და მსოფლიოს 16 ენაზე გამოიცა. ქართულ ენაზეა გამოცემული ოლესია თავაძის პროზაული მინიატიურების ორი კრებული - „სევდიანიჩანაწერები“ და „კაკლის ქარები“. მხატვრის გამოფენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში, რომლის ალბომ-კატალოგი - „ოლესია თავაძის სამყარო“ იმავე წელს დაიბეჭდა.
ოლესია თავაძის რობერტ ფროსტის სიყვარულით შთაგონებული ნამუშევრების ნახვა მსურველებს თიბისი გალერეაში 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები