25 აპრილს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მთარგმნელი და პედაგოგი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დალი ფანჯიკიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, 1993-2005 წლებში კი პროფესორი და კათედრის გამგე.
დალი ფანჯიკიძეს თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.-ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი; წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
დალი ფანჯიკიძე იყო გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი.
დალი ფანჯიკიძეს 28 აპრილს დაკრძალავენ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქმრის, გურამ ფანჯიკიძის გვერდით.
მასალის გამოყენების პირობები






