საფრანგეთში ქართველი რეპერის კახა აბუაშვილის (კაბუს) დაკავებას მისი მეგობრები „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ეხმაურებიან:
მაიკო კაჭკაჭიშვილი
„კახა ყველას უყვარს, იქნება ქურდი, პოლიციელი თუ სხვა. არ ვიცი, ვის შეხვდა საფრანგეთში, ვინ დაპატიჟა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედია. დიდი შანსია, რომ მხოლოდ მისი დეპორტირება მოხდეს, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა. კაბუს ერთი კვირით ადრე ველაპარაკე, კარგ ხასიათზე, შემოქმედებითად მოტივირებული იყო. გვიხაროდა, რომ მკურნალობა ეფექტიანი გამოდგა. ვიცი, მალე ჩამოვა და „ძვალთან“ ერთად ალბომსაც ჩაწერს“
რეპერი „ძვალი“
„მე და კაბუ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. მას მთელი საქართველო იცნობს და ყველამ იცის, რომ უკანონო არასოდეს არაფერი ჩაუდენია. 10 დღის წინ ალბომზე ვისაუბრეთ. პატარ-პატარა კონცერტები გაუმართავს ქართველებისთვის, ვიდეოლაივებიც ჰქონდა. არ ვიცით, რა მოხდა, რისთვის დააკავეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კახა რომელიღაც დაჯგუფებასთან ერთად დააპატიმრეს. საქართველოს თუ გადმოსცემენ, უფრო ადვილად დასამტკიცებელია სიმართლე, იქ კი კახას არავინ იცნობს. ისეთი გვარებია ჩამოთვლილი, გამორიცხულია, კაბუს იმ ხალხთან ეთანამშრომლა. ჩემთანაც არასდროს უხსენებია რომელიმეს სახელი. კაბუ მშიერი მოკვდება და დანაშაულს არ ჩაიდენს“
ჯემალ ღარანიძე
„რუსთაველის თეატრმა მსოფლიო შემოიარა და ყველგან ვცდილობდით, ღირსეულად მოვქცეულიყავით, ხელი რამეზე წაგვცდენოდა კი არა... ღირსება უნდა შეგვენარჩუნებიდა, ეს ჩვენთვის უმთავრესი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, აბრალებენ თუ მართლა ჩაიდინა დანაშაული კაბუმ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მსახიობი ასეთის საქმის ჩამდენი არ იქნება“
მასალის გამოყენების პირობები






