პირველი არხის“ ტექნიკურ პროდუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. არადა მანამდე ექიმები არწმუნებდნენ, რომ არაფერი სჭირდა.
31 წლის პროდუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიტარა. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა.
მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა.
მარიამი ,,სარკის” ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ყოველ დილით დარბოდა, ამიტომ მძიმე დაავადებას ვერაფერს უკავშირებს.
„ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი.
ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა, არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლილებები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს.
ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება. თან ტრაბახობს, 8 წელი გერმანიაში მუშაობდა და არაფერი შეეშლებოდა.
მითხრეს, ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მითხრა, არაფერი გჭირს, რაღაცებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო.
მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ დავით მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა”- აცხადებს მარიამ ჭელიძე.
ახალგაზრდა შეყვარებულის შესახებაც საუბრობს, რომელმაც მასტან ურთიერთობა დიაგმოზის გაგებიდან მალევე შეწყვიტა.
„შეყვარებული მყავდა. 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ჩემს თავზე ვბრაზდები, 31 წლის ხარ, უმაღლესი განათლება გაქვს, ვერ უნდა მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე? იცით, როგორ მიყვარდა? ერთი პერიოდი დავშორდით და ლამის თავი მოვიკალი. ავად რომ გავხდი, ჩემზე გული აიცრუა. მერე ვნახე წერილი, რომელიც სხვა გოგოს მისწერა, მეცოდება, რადგან კიბო აქვს და ამიტომ ვერ ვშორდებიო. დედამისის დამსახურებაცაა, ერთად რომ არ ვართ. ის თვლიდა, რომ მე ავადმყოდი ვიყავი და შეიძლებოდა, შვილები ვერ გამეჩინა. რად მინდოდა ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა? ძალიან ცუდად მომექცა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს დაავადება გამიმეორდა”- ამბობს სარკესთან მარიამი.
მასალის გამოყენების პირობები






