პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მომენტალურად დაიწყო, თუმცა ორი წლის შემდეგაც კი არ დასრულებულ და არც ვინმეს პასუხისმგებლობა გამოკვეთილა. ამ წლების განმავლობაში, ადვოკატები ძალადობის უმძიმეს ფაქტებზე საუბრობდნენ.
საუბარია 2016 წლის 13 იანვარს, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობაზე, როდესაც ერთი ქალი გარდაიცვალა, სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი ქალი, - ქეთევან ხმალაძე. იურისტების ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული სასტიკად სცემეს და აწამეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულ ქეთევან ხმალაძეს, სამართალდამცავებმა თითები დაამტვრიეს, როდესაც იგი აღიარებით ჩვენებას ხელს არ აწერდა. იურისტების ცნობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაკავებულის მცირეწლოვან შვილსაც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ოთხივე დაკავებული ყაჩაღობაში დამნაშავედ სცნო, მათ 9 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. რაც შეეხება მკვლელობის მუხლს, სასამართლომ დაკავებულები გაამართლა, თუმცა დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო მკვლელი.
„გაუმართლებელი ძალით მოხდა მათი დაკავება, სანამ მოხდებოდა დაკავება, ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველა დაკავებულს და ამ ქალბატონის არასრულწლოვან შვილსაც. ამ ქალბატონს თავისი არასრულწლოვანი შვილის ყვირილი ესმოდა, მისი ცემა. მათი ცემა-წამება პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა იმ მოტივით, რომ პოლიციის თანამშრომლების დაჟინებული და აგრესიული მოთხოვნა იყო, რომ აღიარებით ჩვენებზე, არარსებულს ფაქტებზე მოეწერათ ხელი. ქალბატონს თითებიც მოტეხეს, როდესაც არ აწერდა ხელს,“- განაცხადა ადვოკატმა.
პოლიციელების მხრიდან სავარუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგ არავის პასუხისმგებლობა გამოკვეთილა.
მასალის გამოყენების პირობები






