ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში „სანტა ესპერანსა“ (სანკტ პეტერბურგის N12). 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებს.
ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია, მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მისი ორი რომანი - „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“ აქვს გამოცემული. ამ უკანასკნელმა მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. წიგნები ქართულ ენაზე ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა.
მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი ის არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია, მისი უკლებლივ ყველა რომანი თარგმნილი და გამოცემულია ქართულ ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები