ფესტივალში 7 უცხოური და 23 ქართული საგუნდო კოლექტივი მონაწილეობს. 250 უცხოელი არტისტი თბილისს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწვევა, ხოლო ფესტივალის მონაწილეთა საერთო რიცხვი დაახლოებით 900 ადამიანს შეადგენს.
საგუნდო მუსიკის ფესტივალი პირველად 2011 წელს ჩატარდა ეროვნული მუსიკალური ცენტრის ბაზაზე, ხოლო მიღწეული შედეგებისა და წარმატების შემდეგ, 2013 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი“.
ფესტივალის მიზანია ქართული საშემსრულებლო საგუნდო ტრადიციების შენარჩუნება და საგუნდო კოლექტივების ხელშეწყობა. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ასევე, ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებების პოპულარიზაცია, რასაც მისი მზარდი საერთაშორისო მასშტაბიც უწყობს ხელს.
საფესტივალო კონცერტები ჩატარდება ეროვნული მუსიკალური ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მცირე, უნივერსტიტეტის სააქტო დარბაზებში, ასევე, თბილისის მუზეუმში „ქარვასლაში“.
ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 83000 ლარია, აქედან მერიის დაფინანსება 60 000 ლარს შეადგენს. ფესტივალის სპონსორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები