„ნიუპოსტი“ მიზეზის გასარკვევად ელიზბარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას მიზეზები ახსნა. მისი თქმით, ვერ შეძლო ემოციის მოთოკვა, რადგან ძაღლის გადასარჩენად გამოსული ჯგუფი ადგილზე აღჭურვილობის გარეშე გამოცხადდა, საჭესთან მჯდომი თანამშრომელი კი იყო ნასვამ მდგომარეობაში, დაძაბულობის მიზეზი კი სწორედ ეს გახდა.
ელიზაბრაშვილის თქმით, იგი ძაღლების თავშესაფარს დახურავს, რადგან მომხდარის შემდეგ მის მიმართ აგორებული შეურაცხყოფების კამპანია მორალურად მასზე ცუდად მოქმედებს:
“კრიტიკის გამო არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, უამრავი სმს-შეტყობინება მოვიდა პირადად ჩემს Facebook-გვერდზე, სადაც უშვერი სიტყვებით მაგინებენ, მლანძღავენ და ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე მორალურად.
მოგეხსენებათ 2015 წლის 13 ივნისს სტიქიამ გაანადგურა ჩვენი თავშესაფარი ვაკეში, სვანიძის ქუჩაზე, მე პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ გავაკეთე განცხადება, სტიქიიდან პირველივე დღეებში, რომ სტიქიამ გაანადგურა თავშესაფარი, ჩემი ორი თანამშრომელი დაიღუპა, ცხოველების გადარჩენის დროს, გაანადგურა ჩემი საცხოვრებელი სახლი, გაანადგურა ჩემი ბიზნესი, 12 მილიონის ზარალი ვნახე ჩემს ბიზნესში, საწყობებში, სადაც საქონელი იყო, მდინარემ წაიღო და ნივმართე საზოგადოებას თუ თქვენ გჭირდებათ საქართველოში ისეთი თავშესაფარი, როგორიც მქონდა, დამიდექით გვერდში, გავაკეთოთ საზოგადოებრივი თავშესაფარი, ჩემს დროსა და ენერგიას დავხარჯავ ამაში-მეთქი, თუ გვერდში არ დამიდგებით, მე გავაკეთებ ისევ-მეთქი და ჩემი სიტყვა შევასრულე მიუხედავად იმისა, რომ გვერდში არავინ დამიდგა. კაიროს ქუჩაზე გავაკეთე ახალი თავშესაფარი, იმაზე უკეთესი ვიდრე ვაკეში მქონდა. ამისთვის მადლობას არავისგან ვითხოვ, უბრალოდ ვაკეთებ ამ ქველმოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა არ იცის ჩემი თავშესაფარი რას ემსახურება, რას აკეთებს, მე პირდაპირი ჩართვები მაქვს facebook-ზე, სადაც ყველა ადამიანს, ვისაც კითხვები აქვს, ვცემ პასუხს, ასევე როცა თავშესაფარში შემოდის ზარი და არის თხოვნა, რომ ქუჩაში გდია ძაღლი, რომელსაც მანქანა დაეჯახა და აქვს ტრავმა, გადის ჩემი სამაშველო ჯგუფი, რეპორტიორთან ერთად და ლაივ-ჩართვებს ვაკეთებთ ამის შესახებ", - აღნიშნავს ელიზბარაშვილი.
ჩვენთან საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილი იმ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც კონფლიქტის მიზეზი გახდა:
"ანალოგიური იყო იმ დღესაც, შემოვიდა ზარი, სადაც მითხრეს, რომ ორი დღეა ძაღლი არის ჯაჭვით დაბმული აღმაშენებლის ხეივანზე, ვიღაც ცუდმა მოქალაქემ მიაბა ეს ძაღლი, რომელსაც არც წყალი ჰქონდა, არც საჭმელი და საშინელ მდგომარეობაში იყო. ახლოს ვიყავი, მივედი პირველი, ვნახე ყველაფერი, გამოვიძახე ჩემი სამაშველო ჯგუფი, ავუხსენი მდგომარეობა, რომ საჭირო იყო ძაღლის გათავისუფლება, წამოსულიყვნენ და ბუნებრივია მთელი აღჭურვილობა წამოეღოთ, მოვიდა ჯგუფი, ამ ჯგუფში ორი ადამიანი იყო, ბადრი ებრალიძე იყო ნასვამი, იჯდა საჭესთან, ამავე დროს აღჭურვილობა არ ჰქონდა წამოღებული და არამარტო ქეთის სიცოცხლე ჩააყენა საფრთხეში, არამედ როცა ნასვამი ხარ, ძაღლი უფრო აგრესიული ხდება, მითუმეტეს, ორი დღის ნაშიმშილარი ძაღლი, ასე მიბმული ჯაჭვზე, ქეთის და ჩემი სიცოცხლეც ბადრიმ ასეთი საქციელით დააყენა საფრთხის ქვეშ. ამაზე რომ ვუთხარი საყვედური, რატომ იყო მთვრალი და რატომ მოვიდა აღჭურვილობის გარეშე, პასუხი მივიღე ძალიან უხეში, როგორც ხოში მაქვს ისე მოვიქცევი, მინდა დავლევ და მინდა არაო, ამაზე ბუნებრივია ჩემი ემოცია ვერ მოვთოკე და წავუთაქე თავში", - ამბობს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა ემოცია მოეთოკა, თუმცა ეს ვერ შეძლო. რაც შეეხება თანამშრომელს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამბობს, რომ იგი კვლავ განაგრძობს მასთან მუშაობას და არის მისი მეგობარი:
"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს ემოცია, როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტარებს, ხშირად გინახავთ, ვერ თოკავენ ემოციას, ასევე მეც ვერ მოვთოკე ეს ემოცია და წავუთაქე თავში, რადგან იყო ნასვამი, კარგი იქნებოდა რომ მომეთოკა ეს ემოცია, მაგრამ ვერ შევძელი.
მაგრამ იმის მაგივრად, რომ თქვენ ყურადღება გაგემახვილებინათ იმაზე, რომ არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ ვანდალურ საქციელებს ჩადიან, ძაღლს აბამენ ჯაჭვით და უამრავი ადამიანი მოძრაობს ამ გზაზე და მხოლოდ მეორე დღეს, საღამოს შემოვიდა ზარი ამის ამის შესახებ და მარტო იმისთვის მაგინეს, მთათხეს, როგორ თუ იმ თანამშრომელს, რომელიც იყო ნასვამი, რომელმაც დაარღვია ყველა წესი, რომელსაც ხელფასს ვაძლევ ჩემი ჯიბიდან, 1600 ლარს. კიდევ ვიმეორებ, ამას მე ჩემი ჯიბიდან ვაკეთებ, ვინმე კი არ მეხმარება, მთავრობა კი არ მაფინანსებს, გრანტებს კი არ ვიღებ, მაგინეს, უშველი სიტყვებით მლანძღეს, ამის შემდეგ არანაირი სურვილი არ მაქვს, სტიქიამ ვერ გამანადგურა მორალურად და ავაშენე ის, რაც ავაშენე. მაგრამ ამდენმა დაუმსახურებელმა გინებამ, უშვერი სიტყვებით, რასაც ჩემი შვილები კითხულობენ, ეს ბოლო წვეთია.
გოგონასთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, მე შეურაცხყოფა მივაყენე იმ ლოთხს, ჩემს თანამშრომელს, რომელიც ამავე დროს არის ჩემი მეგობარი, წლებია ჩემი მეგობარია, მიდრეკილია სასმელისკენ, ორჯერ იწვა საავადმყოფოში, ორჯერ ვუმკურნალე, ჩავუდგი კაპსულა, მაგრამ არ შველი და ასე იქცევა. ეს ადამიანი ისევ განაგრძობს მუშაობას ჩემთან", - განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.
მისივე განცხადებით, თავშესაფრის შენახვა ყოველთვიურად 42 ათასი ლარი ჯდება, ამის სანაცვლოდ კი "შეურაცხყოფას იღებს და ეს მორალურად ანადგურებს":
"ეს იყო ფეისბუქ-ლაივი, საათ-ნახევრიანი, მაგრამ ვიღაცამ მხოლოდ ეს მომენტი ამოიღო. რატომ გაავრცელა იმ ადამიანმა, რომელიც ემსახურება ბოროტებას? არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია ალბათ თავის ცხოვრებაში, ეს არის ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და კამპანია, გააგრძელონ ახლა და მიხედონ.
ასე რომ მომდგნენ, მაგინეს, მთათხეს, გადამიარეს, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ისე მძლავრობს და ბობოქრობს ბოროტება, სადაც სიკეთის რაღაც ნაპერწკალს დაინახავენ, უნდათ რომ გადაუარონ, ჩემი შვილი მეკითხება, მამა რატომ გაგინებენო, პასუხი არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, მაგინეთ და იყავით, სანამ არ დაიღლებით, მაგინეთ და მაგინეთ, მე მოვრჩი, აღარ მინდა, დავიღალე, ყოველ თვე 42 ათასი ლარი მიჯდება ამ თავშასაფრის შენახვა, მორალურად ვარ განადგურებული“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






