7 აპრილს 14 საათზე, ქალაქ ონში, მთავარ მოედანზე, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრები მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ზემო რაჭის მოსახლეობა მოძრაობის წევრებთან ერთად „ონის კასკადის“ მშენებლობას გააპროტესტებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოძრაობას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აქვს კავშირი.
"მოძრაობის წევრებმა კონსულტაცია გაიარეს არაერთ გეოლოგსა თუ სეისმოლოგთან. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას. მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მოსაზრება ექსპერტებმა გააჟღერეს არაერთი სატელევიზიო ეთერის მეშვეობითაც.
ამასთან ერთად, ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ არ ეცნობა საზოგადოებას და ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან წინა დღეს მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ პროექტი სახიფათოა და სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მისცენ კომპანია „ფერს“ მისი განხორციელების ნებართვა," - აცხადებენ მოძრაობის წევრები.
მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრებმა უკვე შეიტანეს ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი განცხადებები შესაბამის უწყებებში და საჯაროდ მოითხოვეს, რომ არ მიეცეს კომპანია „ფერს“ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






